Sunday, October 20, 2019

ჩემი ქართულის მასწავლებელი


ჩემი ქართულის მასწავლებელი

   „მე, გილგამეში, ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე
 და გმირთაგმირი, ჩემი მაღალი ხმითა და ტანით
მოვარღვევ მიწას და თვალწინ მიდგას ევფრატის წყალი,
 ქალურად უხვი და იდუმალი“...


      ეს ყველაფერი კარგა ხნის წინ უნდა დაწერილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ,  რადგან უცნაური ხალხი ვართ დიდები და მახრჩობელა გველი, რომელმაც სპილო გადაყლაპა, ქუდი გვგონია ხოლმე, რაღაცებს სწორად ვერ ვსაზღვრავთ და ვცდებით, როცა ვფიქრობთ, რომ მადლობის თქმა მერეც შეიძლება, ან როცა ათასი მიზეზით გვერიდება ადამიანის...  ამიტომ ამ პოსტს ცოტათი დააგვიანდა, მაგრამ იგი ეძღვნება ადამიანს, რომელმაც ოდესღაც სამუდამოდ მომიშინაურა და ზუსტად ვიცი,  ის ყველაფერს გაიგებს.
     ამრიგად,  ეს პოსტი ეძღვნება ასმათ მასწავლებელს, როდესაც ის ჯერ კიდევ ჩემი მასწავლებელი იყო. თუმცა, რადგან ეს ახლაც ასეა, ეძღვნება მას ყველა დროში.

***
ხშირად არა, მაგრამ ხანდახან ხდება ისეც, რომ ხვდები ადამიანს, რომელიც ასხვაფერებს, აადვილებს და ცვლის, ნათელს ჰფენს ბევრ რამეს. და თუ მანამდე ხელის ცეცებით ეძებდი რაღაცებს, უცებ პოვნაში გეხმარება. ისე აადვილებს ამ პოვნას, თითქოს ძიება ძნელი არც არასოდეს ყოფილა.
მოდიან ასეთი ადამიანები, საოცარი ხმებით, სიტყვებით, თვალებით, სიცილით, დარდიც განსაკუთრებული იციან. მოდიან და მერე არასოდეს მიდიან, კარგ მუსიკას როგორც ჩვევია.
მოდიან და გაყვარებენ რაღაცებს ისეთს, მხოლოდ მათთან შეხვედრით რომ შეიძლება შეყვარება. მოაქვთ სიტყვები, ტექსტები, მუსიკა, ამბები და სამუდამოდ შენში ტოვებენ მათ. ასეთი საოცარი ამბებიც ხდება ხოლმე და მათი წყალობით რუტინა აღარაა რუტინა, ნებისმიერ უღიმღამობას შეეძლება იქცეს საოცარ ფეიერვერკად.
 და ეს საოცრებაა.
ბოლო წლების განმავლობაში ხშირად დავაპირე ამაზე წერა. რამდენიმეჯერ ჩავრთე ის მუსიკა, მაშინ რომ ვიპოვე, დავჯექი, ავკრიფე რამდენიმე სიტყვა და... ვერა. რაღაც მაჩერებდა და ეს ყველაფერი რჩებოდა მუსიკად. ვიოლინოსგან გადმოღვრილ ამბებად. სიტყვებში მათი ჩატევის დრო არ იყო მოსული.
დიახ, შეაგვიანდა ამ პოსტს, მაგრამ ახლა დადგა ეს დრო. ჟამი, რათა მოვყვე. მოვყვე ჩეულებრივი ადამიანის  უჩვეულო ამბები. მართლა ბედნიერებაა, როცა ასეთი რამით ვჯილდოვდებით ადამიანები. ჩემთვის ეს ყველაფერი დღემდე ისეთი გასაოცარია, როგორც ერთი დიდი ადამიანისათვის ვარსკვლავებიანი ცა და მორალური კანონი.

***   
მას შემდეგ, რაც მეგობრებმა დამამშვიდეს, არა უშავს, ის სკოლაც აგერაა, ყურისძირში, წარამარა გნახავთ, სად წაგვიხვალო (და შეასრულეს კიდეც დანაპირები), გადავწყვიტე ახალ სკოლაში გადასვლა. ეს იყო მზია მასწავლებლის დაჟინებული თხოვნა. მზია მასწავლებელს საამისოდ ისეთი შეუვალი არგუმენტები ჰქონდა, ვერც შეედავებოდა ვერავინ. უბრალოდ, მე კლასელებს მივტიროდი და რადგან ეს საკითხი თავად მათვე მოაგვარეს, გადასვლას წ7ინ არაფერი ეღობებოდა.
ახალ სკოლაში გადასვლა ყოველთვის დიდი მოვლენაა. მით უფრო, თუ ეს ახალი სკოლა მართლა ახალია, სულ ორი წლის დაარსებული და თუ იქ თითქმის არავის იცნობ ახლოს. თუ 90-იანი წლებია, ირგვლივ გაჭირვებაა, ბნელა, ცივა და ა.შ. შენ კი 15 წლის გოგო ხარ, რომელსაც რაღაცები აქვს გასარკვევი და დასადგენი და რაღაც შინაგან  სიძნელეებთან გიწევს შენებურად გამკლავება. თუ ხარ მოსწავლე, რომელსაც ლიტერატურა კი უყვარს, მაგრამ რაღაც ვერ გაიგო, როგორ გაიგოს ტექსტი „სხვანაირად“, როგორ წეროს „გარჩევები“ (მაშინ ყველა კონტექსტში შემჯავრდა ეს სიტყვა, ლობიოსთან მიმართებითაც კი), რომელსაც სჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფია, საოცარია „ვეფხისტყაოსანი“ და სხვანიც, მაგრამ ვერ იტყვის, რატომ. ბოლომდე ვერ გაიგო ბევრი რამ და ეს თავისი ბრალი ჰგონია. მოკლედ, ახალიც არაფერი. ზოგადი და ჩვეულებრივი ამბები.
ასე იყო თუ ისე, გადაწყდა. უნდა გადავსულიყავი.
ახლა ვეკითხები ჩემს თავს, ძალიან შორიდან ხომ არ ვუვლი სათქმელს-მეთქი, მაგრამ არა. შორი ის იქნებოდა, რომ მომეყოლა, რა ხდებოდა 90-იანების საჯარო სკოლებში. თუ რა არ ხდებოდა? რა ხდებოდა იმ დროს წალენჯიხაში. მაგრამ ეს ვრცელი თემაა და შორს წამიყვანს.

***
  შვიდი წლით - ადრე ახალ სკოლაში გადასვლამდე:
მამამ და მისმა მეგობრებმა გადაიღეს ფილმი ეკოლოგიურ პრობლემაზე. ფილმს ასე ერქვა - „ვუშველოთჭანისწალს“. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მდინარეზე დარდის დრო იყო, სანამ სამოქალაქო ომი და მხედრიონის თარეში დაიწყებოდა. ერთხელაც მამამ სახლში მოიტანა ეს ფილმი, ნათხოვარი ვიდეომიმღებით ჩართო და პირველად გავიგონე მაშინ ის ხმა. მოგნუსხავდა ადამიანს პირველსავე გაგონებაზე. პოეტ ვახტანგ ხარჩილავას ძალიან ლამაზ ლექსსაც კითხულობდა იმ ფილმში ის  ქალი და ტექსტსაც მდინარე ჭანისწყალზე. მაშინ გავიგე, რომ „ერთი ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი“ იყო ეს ხმა. დღესაც, ამდენი წლის მერე, ზუსტად მახსოვს ის და ის განცდაც, მაშინ რომ მქონდა...
„დედაბუნებავ, დიდო ბუნებავ,
ოდითგან შენ ხარ ჩემი ტოტემი,
გადმოვალ შენში და შენს ფესვებში
გავიშლები და განვიტოტები“...
...მერე ქვეყანა აირია და ვიღას ეცალა ჭანისწყლისა და მასში ჩაყრილი ნაგვისათვის. ფილმიც მიგვავიწყა სამოქალაქო ომმა და უბედურებამ, მაგრამ მე ის იდუმალი და ლამაზი ხმა არ დამვიწყებია.

***
სამი წლით ადრე იმ ახალ  სკოლაში  გადასვლამდე:
ახლა ზუსტად არც მახსოვს, რაში დასჭირდათ, მაგრამ ერთხელაც დედამ და მამამ საუბრისას ვერ გაიხსენეს ერთი ფრაზა რომანიდან „დიდოსტატის მარჯვენა“.  მომდევნო დღეებში სკოლიდან მოვდიოდით მე და დედაჩემი. უცებ ოქროსფერთმიან ქალს მიესალმა დედა და შეჩერდა. მე იქვე ვიდექი. უი, რამხელა გაზრდილაო, ჩემზე თქვა იმ ქალმა და როცა დედამ უთხრა, აი, ესა და ეს ფრაზა არ მახსოვს ზუსტად და ხომ არ გახსოვსო, უცებ, ქუჩაში, ამ ქალბატონმა დაიწყო და... კარგა ხანს ზეპირად იკითხა და იკითხა ტექსტი... თითქოს ამას ელოდა, იცოდა, შევხვდებოდით და ვკითხავდით და თითქოს ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა ან მომხდარა მისთვის. და მე ვიცანი ეს ხმა. ეს ის ხმა იყო. ლექსს რომ კითხულობდა იმ ფილმში :
„დამაფრთიანე, გადამაფრინე
ამ გალავნებს და კლდეებს ბეტონის...
შემოუძეხი ცისფერ აპრილებს,
დააიმედე უიმედონი“...
არავის აქვს ასეთი ხმა. ასეთი ტემბრი. ლექსის დაზეპირების განსაკუთრებული უნარით არ გამოვირჩეოდი არასოდეს, მაგრამ ეს ხმა რასაც იტყოდა, რასაც მეტყოდა, რასაც გვეტყოდა, განსაკუთრებულად მამახსოვრდებოდა, ზუსტად იმ ინტონაციით, როგორითაც ის იტყოდა და წაიკითხავდა რამეს.
„განვიტოტები, განვიფინები
და დაგიყუჩებ წყლულებს, იარებს,
ინებე ჩემი სული, ინებე
და შენს ფოთლებში ამაშრიალე“...

***
მივედით მე და დედაჩემი ახალ სკოლაში. ვღელავდი. ასე მეგონა, ვერ
მოვერგებოდი იქაურობას. მზია მასწავლებელი საწინააღმდეგოში კი მარწმუნებდა, მაგრამ მე მაინც ვშიშობდი.
ზუსტად მახსოვს რა მეცვა. როგორი იყო ამინდი. ქუჩა. ყველაფერი მახსოვს.
შევედით ძველ, მუქ, გაუნათებელ შენობაში, რომელშიც მაშინ სკოლა „ქიაჩი“ იყო შეკედლებული და იმ ვიწრო დერეფნებმა უცებ სული შემიხუთა. მერე დირექტორი გამოგვეგება. როგორ მიხარიაო, მომეფერა (ასე და მეტად გვეფერებოდა ტკბილი სიტყვებით ის ორი წელი) და გულზე მომეშვა. მე სიტყვების ადამიანი ვარ. სიტყვა ბევრს ნიშნავს ჩემთვის. სიტყვებისგან დატოვებული შთაბეჭდილება თითქმის არასოდეს მინელდება. შემდეგ ვარო მასწავლებელმა შემიყვანა საკლასო ოთახში. ასე ვეძახდით მაშინ იმ ცივ, ნაცრისფერ, ნახევრადბნელ პატარა ოთახს. მაგრამ იქ სხვა სინათლე მელოდა.
23 სექტემბერი იყო, ორშაბათი, მოღრუბლული, უღიმღამო, გრილი დღე იყო. არანაირი კარგი წინათგრძნობა არ მქონდა, პირიქით, მეგონა, ვერასოდეს შევეჩვეოდი ახალ გარემოს. გულით ჩემს ხმაურიან კლასელებთან ვიყავი ისევ და მამაჩემის ნათქვამით ვიმაგრებდი გულს, ასე მხოლოდ დროის გასაყვანად სანამდე ივლი სკოლაში, ვერაფერს ისწავლი და გადაწყვიტო, ჯობიაო. ამ ფიქრებით შევედი ერთგვარ საკლასო ოთახში. მასწავლებელი უკვე კლასში იყო. მოტრიალდა, დედაჩემს მიესალმა, მერე მე და თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ასმათ მასწავლებელი უნდა დამხვედროდა იქ, როცა გამიღიმა და თავისი საოცარი ხმით რაღაც მითხრა, დათბა, განათდა, გამყუდროვდა ყველაფერი. ეს ის ხმა იყო, ოდესღაც რომ
ასე ჩამრჩა გულსა და ყურში:
„წვიმა მაწვიმე, წყალთგამრიგეო,
 ხმელი დაიცავ, ხმელთმოურავო,
დამასწავლე და დამარიგეო
შენს ცას და მიწას რით მოვუარო“...



***
  და  გაკვეთილიც დაიწყო.
 „ვერ შევძლებ“, „ვერ ვიგებ“, „ვერ დავწერ“ - იმ დღესვე დამთავრდა. იმ დღესვე მოეფინა შუქი უამრავ რამეს, გაიღო სარკმლები და კარები ჩემთვის და ჩვენ ერთად დავიწყეთ სვლა ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროში და ახლაც იქ ვართ. ამის შემდეგ ბედნიერება იყო ყველა გაკვეთილი, ყველა დაწერილი ფრაზა, ყველა დაშვებული შეცდომაც. ბედნიერება იყო ყველა დღე, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც ახალი მელოდა, იდუმალი, საოცარი, ზღაპრული და იმის ნაცვლად, რომ ჩემი თინეიჯერობის პერიოდი ყოფილიყო გაურკვეველი და რთული, ბუნდოვანი და სევდიანი, სულ პირიქით მოხდა. იმ დღიდან სწავლა არ იყო ტვირთი, ერთი გაკვეთილიც კი არ მისწავლია ან ნიშნისათვის, ან გამოცდის შიშით.
და მერე იყო, რაც იყო: პირველსავე დღეს საოცარმა ხმამ ენით აუწერლად ტკბილად ჩამიმუსიკა, აი,  ეს ტექსტი წაგვიკითხა:
 „მე, გილგამეში, ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი, ჩემი მაღალი ხმითა და ტანით მოვარღვევ მიწას და თვალწინ მიდგას ევფრატის წყალი, ქალურად უხვი და იდუმალი“... 
და იმ დღიდან მე „მოვიწამლე“ ამ მუსიკით, ამ სიტყვებით,  ამ ხმით, ამ შუქით. ასე დაბანგული ვარ დღემდე და მსურს, არასოდეს გამოვფხიზლდე.
მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები. მე ახლა მზეზე ვზივარ და ვუცქერ მზეზე გაფენილ თიხის ფირფიტებს. მე მათ გავანდე და ჩავაბარე ჩემი ფიქრები და ოცნებები. ადამიანზე გამძლეა თიხა და იქნებ ვინმემ იპოვოს იგი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იქნება ვინმემ იპოვოს იგი და წაიკითხოს ჩემი ცხოვრება, შეძრწუნებული სიკვდილის შიშით“…

***
არა მხოლოდ მაპოვნინა ახალი, რაც ნაპოვნი მქონდა, ისიც გასაგები და ნათელი გახდა და განა მხოლოდ ხმის და ტექსტების მუსიკა მაპოვნინა, მაპოვნინა ჩვენი მუსიკაც. როცა ვჯდებოდი ქართულის სამეცადინოდ (როგორ მიყვარს ეს ორი სიტყვა ერთად), მქონდა განცდა, რომელსაც სიტყვებს ვერ ვუძებნიდი. მამაჩემის ფირფიტებში ვეძებე, ვეძებე და ერთხელაც ვიპოვე ის, რასაც ვგრძნობდი, ვივალდიმ და ვიოლინომ საოცრად ზუსტად გამოხატეს ის განცდები, ჩვენისიხარული, სიცილი, რვეულებისა და წიგნების ფურცლების შრიალი, კალმის შეხების ხმა, ისიც, როგორ ჩამოვუსვამდი ხელს ჩამწკრივებულ სტრიქონებს, ჩემ ან ჩემი მასწავლებლის მიერ გამოყვანილს, ეს მუსიკა ზუსტად იტევდა იმ ნაცრისფერ, ცივ ოთახში შემოსულ მზის სხივებს და ჩემი მასწავლებლის თვალებსა და ხმაში მოლივლივე შუქს. ყველაფერი იყო ამ მუსიკაში. იმაზე მეტიც, ვიდრე გაცნობიერებული მქონდა. გავიკეთებდი დიდ საბჭოთა ყურსასმენებს და ვწერდი დავალებებს, ოღონდ ეს არ იყო დავალებული, ეს იყო სიხარულით წერა და იმ სიხარულის მოლოდინი, რომ ხვალ მას მასწავლებელი წაიკითხავდა და ზუსტად იგრძნობდა ყველა სიტყვას, ყველას სტრიქონს. ასე უკეთ გამოდიოდა, მუსიკასთან ერთად. მაშინ  არ იყო „იუთუბი“, მაგრამ  სტერეოფირსაკრავი იყო, ძველებური ყურსასმენებიც, დიდი, რბილი, გრძელი სადენებით. სუნიც კი მახსოვს. მიყვარდა ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან. ახლაც, როცა დიდ მაესტროს ვუსმენ, იგივე გრძნობა მეუფლება. ასე მგონია, მე, ეკა, ბავშვები - ყველანი ეზოში დაწყობილ დიდ მორებზე ვართ შემომდგდარი და შემოდგომის მზეს ვეფიცხებით, ძალამილეულს, მაგრამ მაინც სასიამოვნოს. თან შეიძლება მზესუმზირასაც ვაკნატუნებდეთ და ვიცინოდეთ და ვიცინოდეთ ისე, როგორც ეს მხოლოდ 15-16 წლის ასაკშია შესაძლებელი.

მერე ზარი დაირეკება და იმ ვიწრო კიბეზე როგორ ავდივართ, ამასაც ვგრძნობ. როგორ შევდივართ საკლასო ოთახებში და როგორ იწყება სიცოცხლის, დანახვის, შეგრძნების, განცდის, მოსმენის, წაკითხვის, წერის, სიცილის, სევდის, გრძნობების, სიყვარულის გაკვეთილები.  ყველაფერს აცოცხლებენ ეს ბგერები დღესაც.

***   
ყველა პერსონაჟი ცოცხლდებოდა ასმათ მასწავლებლის გაკვეთილებზე. ყველა ტექსტი ძვირფასი და საყვარელი ხდებოდა. არაკრაკებდა და არაკრაკებდა ჩემი მასწავლებელი ტექსტებს ზეპირად. ხან ჩანჩქერად იღვრებოდნენ ტექსტები, ხან ზვირთებად მოდიოდნენ, ხან პატარა ნაკადულებად და როგორც უდაბნოში მოწყურებული, დამშრალი ნიადაგი, ისე ვისრუტავდი მათ. მერე სახლში მიმქონდა და ვიოლინოს ხმის ფონზე გამომყავდა ცალხაზიან თეთრ ფურცლებზე ის, რაც იმ დღეს მოვისმინე, რაც ამოვიკითხე, განვიცადე და ვიგრძენი.  ვეძებდი, ვიქექებოდი, ვიწერდი. გული მიფანცქალებდა, როცა რამეს მე თვითონაც მივაგნებდი მის მიერ ლიტერატურის სამყაროში გაკვალულ გზაზე.
ახლა ისე ვხედავ ყველაფერ ამას, როგორც კინოფილმს.  თვალწინ მიდგას, როგორ დგას იისფერ პალტოში, დახურული წიგნი უჭირავს, თავი ოდნავ გვერდზე გადაუხრია და მზის სხივებივით იღვრება ტექსტები. მართლა კინო იყო. მუსიკაც მესმოდა და ასე მეგონა, ამ ხმას და ამ სიტყვებს ჰაერში დავიჭერდი, ხელით შევეხებოდი. ვგრძნობდი ყველა ბგერას. მიყვარდა ყოველი მათგანი მისით, მისგან, მისი და შემდეგ ჩემიც, ჩემშიც. მან დამანახა, მან შემაყვარა ტექსტები და სიტყვები. მან აღმოაჩინა ჩემი მათდამი სიყვარული ახლებურად, სხვანაირად, ძლიერად. შემაქმნევინა საკუთარი სასიტყვეთი და სატექსტეთი.
 და რაკრაკებდა ჩემ წინაშე ხან მარკესი, ხან ოთარ ჭილაძე, ხან რუსთაველი, გალაკტიონი და ვინ მოთვლის... ასე მეგონა, ვერ გადავიტანდი, თუ ყოველდღე რამეს არ წაიკითხავდა. ვეტყოდით „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისს რომელიმე თავისას და მერე იწყებოდა ზღვათა ტრიალი. არავისგან არასოდეს მომისმენია ასე წაკითხული ტექსტები, გადაუპრანჭავად, არა ზედმეტად თეატრალიზებულად, სადად, საოცარი გრძნობით და მუსიკით.
დღესაც ჩამესმის.
ეს ხმა შეუძლებელია დაივიწყო.
თუ გესმის ჩემი, თუ ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი მართლა შემორჩა ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში, შენ გააგრძელე, რაც მე მინდოდა და გაამრავლე შენისთანები“…

ჩვენი ქართულის გაკვეთილები იყო კინო,კადრებისა და მუსიკის  ხორცშესხმა და ახლაც კინოფირივით ვხედავ, ჩემს მრავალ ფურცელზე შესრულებულ დავალებას როგორ კითხულობდა ასმათ მასწავლებელი. თვალწინ მიდგას. წარბებს შეყრიდა, ფიქრობდა. ვხედავ ცხადად ახლაც: რაღაცას გამიხაზავს, შემოხაზავს, შეფიქრიანებული შემომხედავს, მერე ისევ განაგრძობს კითხვას, როცა რამე მოეწონება, კითხულობს ფრაზას და მეც ისე მომწონს მისი წაკითხული ჩემი ნაწერი, ეს როგორ შევძელი-მეთქი, მიკვირს და ბედნიერი ვარ. დროდადრო სასვენ ნიშნებს ჩაასწორებს და ჩაილაპარაკებს: რომ მინდოდა, დაგეწერა, ზუსტად ისე დაგიწერია და უკეთაც... და მე ისე მიხარია ამის მოსმენა, მზად ვარ, ასჯერ მეტი დავწერო და წავიკითხო მომდევნო გაკვეთილისათვის.
***   
ძალიან ბევრს ვიცინოდით ხოლმე. იუმორი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიხარული იყო. ბევრ რამეზე თავისუფლად ვმსჯელობდით. ბევრ რამეს ვეძებდით. გვქონდა კლუბები, წრეები და ა.შ. დღეს ამით ვის გააკვირვებ, მაგრამ მაშინ, იმ ავადსახსენებელ წლებში, როცა სახელმძღვანელოც კი არ არსებობდა და საერთოდაც, ძალიან ცუდად იყო სწავლა-განათლების საქმე, არანაირი ჟურნალ-გაზეთი, რესურსები და დამხმარე მასალები და ა.შ.  ის, რასაც ჩემი მასწავლებლები მაშინ აკეთებდნენ, იყო გმირობა. უდავოდ და ულაპარაკოდ...
წლების მერეც ხშირად ვფიქრობ ამაზე, რატომ შედგა ეს ყველაფერი ასე კარგად, ლამაზად და ბედნიერად? რაშია საიდუმლო ასმათ მასწავლებლის? მხოლოდ საოცარ ხმასა და სილამაზეში არა, რა თქმა უნდა. და სულ ერთ პასუხამდე მივდივარ: მან ისეთი დამინახა, როგორიც მანამდე არასდროს არავის ვუნახივარ და იმაზე მეტი ნახა, ვიდრე თავად მე ვაცნობიერებდი. ჩემი საკუთარ თავში დაურწმუნებლობა ადვილად დაამარცხა და შუქი აანთო ჩემთვის. და ეს ისე უბრალოდ გააკეთა, ვითომ არაფერი. არასდროს დანანებია დრო, ძალა, ენერგია. არასდროს დაზარებია ჩემი ათასნაირად წახალისება და წაქეზება. ხშირად უთქვამს, უკვე მაჯობეო და მიუხედავად იმისა, ვიცოდი, ეს არ იყო, ეს იყო ფრთები ჩემთვის - მისგან მოსმენილი ასეთი შეფასება.  არასოდეს დაღლილა სწავლებით და ხშირად მეტყოდა, ერთად ვსწავლობთო. არასდროს ყოფილა მისი გაკვეთილი უგემური და წუთხე. მასთან ვერ ნახავდი სიძულვილს, ბოღმას. სწავლა არ იყო მწარე წამალი, ტკბილი იყო ძირშივე.
და როცა წლების მერე თავადაც შევუდექი მისგან შენაყვარებ გზას, როცა მეც მასავით ბავშვებისათვის ლიტერატურის სწავლება ვისურვე მთელი გულით, რაც ყველაზე მეტად მინდა, ისაა, რომ შევძლო დანახვა. დავინახო და დავანახო. ვაპოვნინო ბავშვებს თავიანთი მუსიკა. მე ხომ ვიცი, რომ ეს შესაძლებელია, მე ხომ ვიცი, როგორ უნდა აკეთო ეს. თავად ხომ ასე დაიხარჯნენ ჩემთვის ოდესღაც ჩემი მასწავლებლები, ხომ მასწავლეს შუქის ანთება, ხომ დამანახეს, როგორ უნდა დავინახო და ახლა სხვანაირად მოქცევის უფლება არც მაქვს.
რა ბედნიერი ვიყავი, როცა პირველ კურსზე უნამუნოს „ბურუსში“ ეს სიტყვები წავიკითხე: „რა არის საჭირო სიყვარულისთვის? დ ა ნ ა ხ ვ ა. დანახვა სიყვარულის ინტუიციაა. დანახვა ბურუსში“.
დანახვისას იწყება ბედნიერება. და ვის არ სურს, დაინახონ, შეამჩნიონ ბურუსში და გაუნათონ. გაუნათონ ტექსტებით, სიტყვებით, მუსიკით, ხმით, თვალებით, სიცილით, დავალებების გასწორებით, ხუმრობით. ვის არ უნდა ეს. მეტს არაფერს ვინატრებ, მხოლოდ დავინახო მეც იმ აციმციმებულ თუ სევდიან თვალებში და მივიყვანო თავის მუსიკამდე ისე, როგორც ეს ჩემმა მასწავლებლებმა გააკეთეს  წლების წინ. მე ხომ ახლაც იმ შუქით ვარ, ძვირფასო ადამიანებო. ის მხოლოდ ჩემთან ერთად ჩაქრება.
***
21 წელი გავიდა, რაც სკოლას დავამთავრე (თუმცა, რაღა დავამთავრე, გავაგრძელე

ისევ) და ახლაც, როცა ვხვდები ასმათ მასწავლებელს, ისევ ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც მაშინ. მას ისევ ისეთი საოცარი ხმა აქვს, ისევ ისეთი ოქროსფერი თმები და ლურჯი თვალები და საოცრად შეუძლია წაიკითხოს ეს სასწაული:
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ, ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა, და ვით სულს, მოტივტივეს
შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს...
ეხლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი
იყინება ფოთლები, ველად ჩამოცვენილი

***
„თმაზე ეყარა ყვავილი ტყემლის,

მტვერი ვარსკვლავთა და მეტეორთა,
მას თვალებიდან სდიოდა ცრემლი
და ცრემლში, ღმერთო, მზე ეტეოდა!“,,,
            ისევ იგივე მუსიკა მესმის. ჩემი მასწავლებელი არ იცვლება, ისევ ისეთი ლამაზია, ისევ ისე უყვარს სკოლა, ბავშვები, ისევ მასწავლის,  ისევ ისე გადახრის გვერდზე თავს და ისევ ულევ ნაკადად მოედინებიან მისგან ტექსტები ზღვებად და ოკეანეებად. ისევ საოცარი ხმა აქვს და ჩემი დანახვაც იმავენაირად შეუძლია. მეტიც, მე ვბერდები, ის - არა. მალე დავეწევი და მალე ტოლები ვიქნებით მე და ჩემი ქართულის მასწავლებელი.











No comments:

Post a Comment