Wednesday, November 29, 2017

09:10 - 09:30

                                                      
რა მძიმეა ეს ჩემი ოხერი ჩანთა. ყოველთვის ასეთი მძიმეა. ახლაც ვეცადე, რამე მომეშორებინა, ეგებ ცოტათი შევამსუბუქო-მეთქი, მაგრამ ვერაფერი გავიმეტე. მძიმე როგორ არ იქნება, „ყველაფრის ბლოკნოტით“ დაწყებული ორმაგი სკოჩით დამთავრებული რა არ დევს აქ.
დიდი დრო არ მაქვს, მარამ კიდევ ერთხელ ვქექავ ჩემს ხურჯინს. ორ (მთავარ) განყოფილებაში თითი არაფერს მიეკაროს უნდა, ყველაფერი საჭიროა. შუა, მიმალულ ჯიბეში, არც ისე ხშირად რომ ვხსნი ხოლმე, ეგებ აქ იყოს რამე ზედმეტი-მეთქი, მაგრამ არც აქ: ტელეფონის ძველი დამტენი, სავინიცობო,  „ციტრამონის“ შეკვრა, ორიოდე „ნიმესილიც“ (უცებ მოვარდნილი თავის ტკივილის გასაბრუნებლად), ნემსი და ძაფი, რომელსაც როგორც კი არ ჩავიდებ, მაშინათვე დამჭირდება, კორექტორი, მარკერიც, თვეების წინ გამოწერილი წამლის რეცეპტიც, რომლის დალევის დაწყებასაც ყოველდღე ვაპირებ.
ვაღიარებ - მიყვარს ეს რიტუალი. ბოლოს ვამოწმებ, მაქვს თუ არა გასაღები, ტელეფონი, ფერადი ცარციც მოვსინჯე, კიდევ რა მქონდა წასაღები, ვიხსენებ. თან არ მინდა ჩემმა პატარამ და შუალამ ჩემს წასვლამდე გაიღვიძონ. „დედიკო, არდადეგები არ გააკეთე?“ - არ მინდა ამის მოსმენა და ფეხის წვერებზე გავდი-გამოვდივარ.
დილით ყველაფერი სულ სხვანაირია. ასე მგონია, მთელი ცხოვრება ასეთი რიტმით უნდა ვიცხოვრო და ცოტა შიშიც მიპყრობს. მაგრამ დილით სადაა შიშის დრო. 9 საათზე უნდა გავიდეთ მე და სანდრო. ხომ არაფერი გვავიწყდება-მეთქი, უფრო საკუთარ თავს ვეკითხები, ვიდრე მას და გავრბივართ.
საუზმე არა ის.
სანდრო ხომ მთლად ბედნიერია, ჩაის დალევას რომ ვერ ვასწრებთ. ვცდილობთ, არ ვიხმაუროთ. ოღონდ პატარებმა არ გაიღვიძონ ცოტა ხანს. თორემ თუ წამასწრეს, მერე ვეღარ ვიქნები კლასში კანონით გათვალისწინებულ დროს და დირექტორს, ეზოში მყოფს, რომელიც ხედავს, როგორ მოვრბივარ ამ ჩემი მძიმე ჩანთით და რომელმაც იცის, როორ მიჭირს დილით ორი პატარას დატოვება, ისევ მოუწევს, შეტრიალდეს, ვითომ ვერ დამინახა, რომ დროზე არ მივედი, თორემ თუ მომესალმა, მერე ვალდებული იქნება, მითხრას, ქალბატონო სოფო, ხომ იცით, რომ დროზე უნდა გამოცხადებულიყავითო... მე გულში ვლოცავ მიტრიალებულ სკოლის დირექტორს ამისთვის და კიბის თავზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერას, რომელიც ვერასოდეს გაიგებს, რას ნიშნავს, როცა გაღვიძებულ პატარას დედა არ ხვდება დილით, მონდომებით ვეჯღანები.
მაგრამ ამჯერად დროზე მივედი. მობილურის საათი (მაჯის ნინიმ არ შემარჩინა, დედიკო, ეს  მე მჭირდებაო საპრანჭაოდ) 09:10 საათს უჩვენებს ჩემი სამი ბარტყის ფოტოს ფონზე. ეს ფოტო კიდევ ერთხელ მახსენებს იმას, რომ პატარები გაიღვიძებენ და მე იქვე არ ვიქნები.
 კლასის კარს ვაღებ.
კლასში მხოლოდ ორიოდე ადრე მოსული მოსწავლეა. თბილა. ბავშვები ფანჯარასთან დგანან, ასე იციან. დარაჯობენ დანარჩენებს.
-          გამარჯობა თქვენი. ბავშვებო! - ვამბობ და ვიხდი სქელ, მძიმე, გრძელ ჟაკეტს, რომელსაც ცოტა ხანში, მიუხედავად იმისა, რომ საკიდზე ვკიდებ, მაინც მიესმევა ცარცი. მერე ვჯდები მაგიდასთან და აქ იწყება ის (ერთ-ერთი რამ), რაც ასე ძალიან მიყვარს სკოლაში.
ვაღებ უჯრებს, ამომაქვს საჭირო რაღაცები, ვხსნი ჩემს ჩანთას და კიდევ ერთხელ მაოცებს მისი ტევადობა. ცარცით დაწყებული ჭადრაკის ფიგურებით დამთავრებული ვალაგებ და ვაფასოებ იმას, რაც უნდა გამოვიყენო და თანაც ისეთი სასწაულის მომსწრე ვარ, როგორიცაა კლასის შევსება.
ეს ჯადოსნური 20 წუთია.
ესაა ის, რასაც არასოდეს ჩავთვლი ჩვეულებრივ ამბად.
ეს ისაა, რაც ძალიან მენატრება, როცა არდადეგებია.
მინდა ყველა ეს ოცი წუთი ფირზე მქონდეს აღბეჭდილად.
როგორ მიყვარს ეს უჩვეულო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა.
როგორ მინდა. არაფერმა დაჩრდილოს. ნეტა. ნეტა. ნეტა.
ვცდილობ, მთლად უცნაურად არ შემეტყოს, როგორ მახარებს ეს, ერთი შეხედვით, უბრალო ამბავი დილის 09:10-დან 09:30-მდე რომ ხდება.
მე ვფუსფუსებ, ვმოძრაობ და თან ვხედავ, როგორ გადაწია ლელამ ფარდა, წყნარად. მერე გაუბედავად შემომხედა. ვიცი, არაფერს იტყვის,  მე თუ არ ვკითხე.
-          რა იყო, ლელა, ვინ მოდის? - გაღიმებული ვეკითხები. ლელას სახე სხვანაირია, თუ ვიღიმები. თუ არ ვიღიმები, მისი სახის მიხედვით შემიძლია მივხვდე ამას და სასწრაფოდ ვასწორებ შეცდომას ხოლმე. ასეთია ლელა.
-          სალომე მოდის, მას. - მეუბნება წყნარად, მაგრამ ვხვდები, როგორ ძალიან უხარია.
დილის შეხვედრები ასეთია ხოლმე - თითქოს დიიდი ხანია არ გინახავს, ისე გიხარია.
სალომე კი არ შემოდის, შემორბის, მისალმებაც ავიწყდება, ჩანთიანად მიდის ბავშვებისკენ. გიო და მარიც ფეხდაფეხ მოჰყვებიან მას და ერთი ჯგუფის ირგვლივ უკვე თბება შემოყოლილი სიგრილე.
-          მას, ეზოში დიდი ძაღლი იყო და შემეშინდა! - ისეთი გახარებული მეუბნება სალომე, ვითომ რამე საოცრად კარგი მოხდა, რომ შეშინდა.
-          ის ძაღლი არ იკბინება. - ეს გიო ამშვიდებს და მისი ტყუპისცალი და, მარი, აციმციმებული თვალებით უკრავს კვერს.
სანდრო და ნიკუშა, აქამდე რომ ტელეფონს ჩაჰყურებდნენ, ძაღლის ხსენებაზე ტრიალდებიან და ძაღლებთან დაკავშირებული ისტორიების მოყოლას ერთმანეთს არ აცლიან.
დიმიტრი, ლევანი და გენული შემოლაგდნენ. ზუსტად ვიცი, რომ გენულიც ძაღლზე დაიჩივლებს და თბილ ქუდს კი არ მოიძრობს, გაისწორებს. სანამ არ ვეტყვი, მოიხადე, აქ საკმაოდ თბილა-მეთქი, ასე იქნება. ლევანი ნამძინარევი სახით მეტყვის, მას, როგორ მეძინებოდაო და ისიც მომიყვება, რა ჩაიდინა მისმა უმცროსმა დამ, ან კინაღამ როგორ დაეჯახა საჭესთან მჯდომ დედამისს ვიღაცის საშინელი მანქანა.
დიმიტრის ჯერია -  დიდი ემოციით მომიყვება რამდენიმე ისტორიას, სხაპასხუპით, სულმოუთქმელად. თან ისე უბრწყინავს თვალები, თითქოს მთავარია, ჩემამდე მოიტანოს ეს ყველაფერი. ოღონდაც მე მითხრას.
იკუნა, საბა, ვერიკო, მეორე მარი  - რიგრიგობით მოდიან. საბა დიდი ცისფერი თვალებით სალმის ნიშნად შემომხედავს და მორიდებულად უერთდება თამაშების მოყვარულებს. იკუნა ჯერ ქურთუკს ჰკიდებს კოხტად და თან სამეზობლოს ახალ ამბავს მამცნობს. მერე ისიც აზარტულად უერთდება ბიჭებს და რაღაც „ფლეშ როიალს“ და მსგავს რამეებს ახსენებენ.
ვერიკო ისეთი გრძნობით მიყვება რაღაცებს ტყლარწებზე, იუთუბიზე დადებულ ვიდეოზე, თურქეთიდან გამოგზავნილ რაღაცებზე, რომ შეუძლებელია არ გაუბა ლაპარაკი. მარიამი, მეორე, მორიდებულად გვერთვება და მერე  ტელეფონში მაჩვენებს მარგალიტის სხვადასხვანაირ მოლუსკებს, მას, თქვენ რო ახსენეთ, დავგუგლეო.
როცა ესენი უცნობ რაღაცებს გუგლავენ, მახსენდება, გემრიელად წამოწოლილს და კითხვაში გართულს როგორ მეზარებოდა ლექსიკონის გამოტანა და სიტყვების განმარტებების ძებნა. ვინ იცის. მერამდენედ მეცოდება ჩემი უგუგლო და უიუთუბო ბავშვობა და ამათ გამო მიხარია. გუგელეთ, ბავშვებო, სერჩეთ.
რამდენად წყნარად და აუღელვებლად ნია შემოდის, იმდენად ალიაქოთით მოდიან ლიზი და ანი. ლიზი, რა თქმა უნდა, მეტისმეტად ემოციურად მოგვიყვება რამეს, თუნდაც იმას, როგორ გაიარა მისმა პატარა დამ, როგორ დაეცა კინაღამ ან როგორ გაიგეს, რომ პირველი კბილი ამოუვიდა. ნია მშვიდად მკითხავს რაღაცას, დააზუსტებს, რა გვაქვს პირველი და დღეს ჭადრაკს თუ ვიმეცადინებთო. აუცილებლად ფერადები ეცმევათ მას და კატოს. კატო მეტყვის, მას, ცუდად ვარო, მარამ მალე დაავიწყდება, ცუდად როა და კარატეს ილეთებით გვანათლებს. მპირდება, რომ მასწავლის. მე. დიახ, მე.
აი, მე ვერა და ანი ისეთი მოქნილი და ჯანიანია, ისწავლის. მას, ძალიან მიყვარხართ, მეუბნება და მეხუტება. ან წერილს დამიდებს და გაიქცევა.
ახლოს ნუ მიუშვებთო მასწავლებლები ბავშვებსო. კაი რა. ისედაც სულ ჩემთან კი არ იქნებიან. სანამ არიან, სანამ უხარიათ, სანამ ჩემს ფრთებქვეშ არინ მოკრუხებულები, იყონ ახლოს, სუულ ახლოს <3.
ესეც ბაკური, შოთიკო და მესამე მარი. ბაკური ძალზე დინჯად იკავებს ადგილს. ბოლო დროს სიცელქე აუელვარდა თვალებში, ენამახვილობს. ახლაც  შოთიკოს ეუბნება რაღაცას. არ მესმის. რას, მარამ უდავოდ გონივრული იქნება რამე.
მესამე მარიამს დავალება მოაქვს ჩემთან. ჩუმად მიდებს რვეულს.   რაც დავალებული ჰქონდა, იმაზე ბევრად მეტია შესრულებული და ბოლოში გულებს შორის წერია - „მას, მიყვარხართ ძალიან!“ ეს სიყვარული მახარებს, პუნქტუაციურადაც გამართული. ვუწერ პასუხს და შემოსულ სანდროს ვესალმები.  გრძნობით შემოდის. მერე პირდაპირ შეჯუფებული ბიჭებისკენ გაქანდება და მისვლისთანავე გაგანია ბრძოლას იწყებს (ამჯერად)  ვირტუალურ სამყაროში.
მალე დაირეკება. დათო შემოდის. ლაღად, ღიმილით, გემრიელად მესალმება. უცინის ჭჯკვიანი თვალები. თან ოდნავ ჩერდება ჩემს შორიახლოს და როგორ გინდა, ქოჩორი არ აუჩეჩო. ადრე უფრო დიდი კი იყო ეს ქოჩორი, ახლა შეიჭრა, მარამ მაინც მშვენივრად იჩეჩება.
უკვე კაი გემრიელი ხმაურია კლასში. ზოგი დარბის. ალაგებენ წიგნებს. ყვირიან. მესმის, სანდრო თავის სოლოს მღერის. უსიმღერო ხმაური სად გაგონილა აბა.
 გიგი და რაულიც დავლანდე ფანჯრიდან. გიგი მოილალება. თითქოს ჩქამისგაუღებლად უნდა იაროს. რაული ძლივს მოათრევს გატენილ, საშინლად მძიმე ჩანთას. ასეთივე სავსეა მისი ჭკვიანი თავიც. არ არსებობოს, დავალება გადაჭარბებით არ შეასრულოს ან გამორჩეს რამე. არადა. კლასის ნაბოლარაა.
გიგის გადავხედე. იღიმება. როგორ უხდება ღიმილი. შოთიკო ეუბნება რაღაცას. რას, არ მესმის. სკასავით ხმაურობს კლასი.
-          შოთი, რაა ახალი?  - ვეკითხები და ჟურნალში რიცხვს ვწერ.
-          არაფერი, მას. - მეუბნება. მერე უცებ ნეკა თითს  მაჩვენებს, გავიჭერიო.
-          არა უშავს, ქორწილამდე მაგის ბურდღა არ იქნება, - ვეუბნები ამ გაცვეთილ რამეს, რომელსაც მეც მეუბნებოდა ოდესღაც ლილი მასწავლებელი და ამათაც ისე ეცინებათ, როგორც მაშინ ჩვენ ვიცინოდით. ოღონდ ჩვენ უხერხულად ვიწურებოდით „ქორწილის“ ხსენებაზე. ესენი არა. აბა, რომელი საუკუნეა, კაცო.
-          წკრრრ!........ წკრრრრ!.......
სკა ლაგდება. შოშმინდება. მაკედონელივით ამაყად ვდავარ ახლა, ყურებამდე ვიღიმები და ვამბობ სასწაულ, უჩვეულო ჩვეულებრივ ფრაზას:
-          ბავშვებო, ლამაზებო, ჭკვიანებო, ძვირფასებო, მოდით, დავიწყოთ!...


                                                                                                                       2016.