Sunday, March 11, 2018

"ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები"...


ერთხელ, წლების წინ, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მორიდებით მთხოვა, თუ შეგიძლია, ჩემი ბიჭი გოგოებთან ერთად დასვი ყოველთვისო და თავადვე განმიმარტა: გოგოებთან რომ მეგობრობს, ის ბიჭი, საერთოდ, კარგი ბიჭია და თანაც ეგებ წერას დაუდოს გული გოგოების შემხედვარემო. მართლა არსებობს სტერეოტიპი, რომ ბიჭებს წერა არ უყვართ და არა მხოლოდ ბიჭებს:
"ოღონდ წერა არ უთხრა და"... "წერა არ უყვარს, არ ვიცი, რა ვუყო"... "ეს და წერა ვერა და ვერ მორიგდნენ"... - ასეთი ფრაზები ხშირად გაისმის ხოლმე მშობლებისგან და რამდენჯერაც გავიგებ მსგავს რამეს, ასე მგონია, გულზე შემოჭდობილ მარწუხს, რომელიც მოშვებული იყო, ვიღაცამ ისევ წაუჭირა.

ველოსიპედი უკვე აღმოჩენილია და წერის სწავლების სტრატეგიებზე მასალა ინტერნეტსივრცეშიც ბლომად მოიპოვება. მე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის (თითქმის) დავიწყებულ სიტკბოს შეგახსენებთ. ეგებ მართლა გაგინელდათ და მიგავიწყდათ ან ეგებ "მესენჯერებისა" თუ "სკაიპის" მსგავსი მომსახურებებით სავსე სამყაროში არც ისე მნიშვნელოვნად ჩათვალოთ გაქრობის აღმართს შემდგარი ვნება წერილების წერისა, ან ეგებ სულაც იცით და გიყვართ, მაგრამ დაღლილებს სმს-ის გაგზავნა გირჩევნიათ მაინც, არ ვიცი.
მე, უბრალოდ, შეგახსენებთ, მოკრძალებით და მოწიწებით - ხანდახან დაბრძანდით ანდერძის წერად და წერეთ უსტრები ფურცლებზე. შეეხეთ ხელით ჯერ კალამს ("ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნაღველსა ამონაწები"...), შემდეგ გადაატარეთ იგი ქათქათა სივრცეზე და თქვენი ხელით გამოსახეთ უმშვენიერესი ასოები. სულ ერთია, ლამაზად წერთ თუ არც ისე ლამაზად. იღვაწეთ, ისაუბრეთ ქაღალდზე, საუკუნეების სუნთქვა იგრძენით. შვებას მოიტანს სწორ ხაზზე მიჯრით მიწყობილი, დარაზმული სიტყვები. მისწერეთ შვილებს, თუ რა დამღლელი იყო სამსახური, როგორ მოგენატრათ სახლი და საღამოს იდილია. მისწერეთ, როგორ გენატრებათ ბავშვობა, სოფელში გატარებული ზაფხული, ბებიას ხის სახლი და ნაოჭებში ჩაკარგული ღიმილი. დაწერეთ, როგორ გინდოდათ გეყიდათ დიდი ხის ცხენი ან 80 000 კილომეტრი გაგევლოთ კაპიტან ნემოსთან ერთად, როგორ დაგწყვიტათ გული ოდესღაც მურიას სიკვდილმა ან როგორ გეწყინათ, ბეწვის ხიდი რომ წყალმა წაიღო და მერე რკინის წამოჭიმეს მის ნაცვლად. უბრალოდ, რამე დაწერეთ და ისე დაწერეთ, გულიანად, რომ ადრესატსაც მოუნდეს, გიპასუხოთ.
შვილს, მოსწავლეს, მეზობელს, დისშვილს, ძმიშვილს, სულერთია, მისწერეთ ბავშვებს წერილები!..
მერე რუდუნებით ჩადეთ კონვერტში. მისი გახსნა და წერილის წაკითხვის მოლოდინის სიხარული და სიამოვნება ასწავლეთ. ან ბალიშის ქვეშ ამოუდეთ, ან ჩანთაში ჩაუდეთ, ან ჯიბეში და მერე გულის საოცარი ფანცქალით დაელოდეთ შედეგს.
ოღონდ ასე ხშირად მოიქეცით და ეს ჩამწკრივებული ჯარისკაცები აუცილებლად მიაღწევენ გულის კარიბჭემდე, შელაგდებიან მასში, ხან ქაოსურად, ხან მწყობრად და დაიპყრობენ იქაურობას.

ოდესღაც სწორედ წერილები დამეხმარა იმაში, რომ ბავშვებს წერა არ დაზარებოდათ. ძალიან დამეხმარა. მაქვს ორი დიდი ყუთი წერილებისა და ბარათების და რა არ წერია იქ: "მასწავლებელო, ბუფეტში ბევრი ხალხია"... "ისე მიყვარხართ, როგორც ასტრიდ ლინდგრენი"... " 100000000000 წელს მინდა რომ იცოცხლოთ"... "მას, მიყვარს, რომ იცინით"... ""მას, მე ვიცი სად ცხოვრობთ"... - ასეთი პატარა წერილებით დაიწყო. ასაკის მატებასთან ერთად იმატა უსტართა სიდიდემ, სიღრმემ. ზოგი მათგანი მთელი რვეულია. კლასში ახლა ნესტანის წერილებსაც ვარაკრაკებთ. შემოგვესწავლა კითხვა-კითხვაში. მეც ვწერ ხოლმე მათ. მეტწილად ისინი - მე და ნეტა სულ ასე იქნებოდეს. ხელნაწერი რომ ბევრ რამეს ინახავს, ამას ნელ-ნელა ხვდებიან და უფრო მეტად იგრძნობენ მერე და მერეც. დავთქვით, რომ ოდესმე ხელნაწერთა მუზეუმში ერთად წავალთ და იქ ვნახავთ იმათ ხელნაწერებს, ვინც გვიყვარს, ვინც მოგვიტანა აქამდე ეს ენა და ეს ანბანი, დიდი თავგანწირვის ფასად.

ჩემი არქივი უფრო და უფრო გამდიდრდება და თუ დავბერდები, ვიცი, რა იქნება ყველაზე საყვარელი საქმიანობა.

მიყვარს, ბავშვებო, თქვენი მონაღვაწები.