Monday, July 30, 2018

კინოკლუბი „დუბლი“ წარმოგიდგენთ...





   რაიმე რომ ძალიან გიხარია, ბედნიერი ხარ და ამ ბედნიერების  გაზიარების სურვილიც არ გასვენებს, ეს, მგონი, მასწავლებლის  ერთ-ერთი მთავარი გრძნობაა.  გინდა ყველაფერი მოსწავლეებამდე მიიტანო, იგივე აგრძნობინო, რაც თავად განიცადე და სულ უკმაყოფილო ხარ, ვაითუ, კარგად ვერ შეძელი ეს. 

   ასე ვარ მეც და როგორ შეიძლებოდა, ისეთი საოცრება, როგორიც კინოსამყაროა,  არ გამეზიარებინა ბავშვებისთვის. 

   ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დადგა დრო, როცა სახლში კინოს საყურებლად ვერ მივიცალე.  "აჰ, ცუდადაა ჩემი საქმე", - გავიფიქრე. კაი ხანს ვწუხდი და მერე უცებ მივხვდი, რა უნდა მექნა - თვეში ერთხელ კი არა, მოდი, კვირაში ერთხელ მაინც ვუყურებთ ერთად ფილმს სკოლაში-მეთქი. 
   Dictum factum (ითქვა და გაკეთდა) და  ასე გაჩნდა აფხაზეთის N10 სკოლაში კინოკლუბი "დუბლი". 



   მერწმუნეთ,  ერთად კინოს ყურება არის მაგარი რამე. ეს მთელი რიტუალია, რომლის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.  ჯერ ვაცხადებ ფილმს, ან ვაკრავ აფიშას, ან თეთრ დაფაზე ვწერ რეჟისორის სახელს, გვარს, ფილმის დასახელებას.  ამ დროს ისინი  ხელს აყოლებენ თვალს.  ამას მოჰყვება შეკითხვები: 
  - მას, რაზეა? 
  - ანიმაციაა თუ კინოა, მას? 
  - შავ-თეთრია?
  - მას, თქვით, რა, რაზეა... 
      და ასე შემდეგ. 
   თუმცა სიამოვნება მანამდე იწყება, არჩევას რომ შევუდგები, მაშინ. მერე ვიქექები, ვიქექები, ავარჩევ, გადმოვწერ. ისე მიხარია,  ჩანთაში რომ  მეხსიერების ბარათზე საყვარელი ფილმი მაქვს, თითქოს მთელი გადამღები ჯგუფი მეჯდეს და არა თითისტოლა "ფლეშკა". 
      - მას, როდის დავიწყებთ? 
      - 1-ლ საათზე, ბავშვებო, ჯერ არა. 
      - აუ, მას, დავიწყოთ, რა. 
         ამ დიალოგზე ვგიჟდები.  დრო გამაქვს, რომ ეს რამდენიმეჯერ მოვისმინო. 
       - მაააას, უკვე პირველია! 
      
    კლასის მომზადებაც მთელი ამბავია. ადრე დიდი ტელევიზორი კლასში შემოგვქონდა და ეს იყო ფილმის ყურება ოჯახში.  მერე დარბაზი გაგვიჩნდა და ეს იქცა კინოში წასვლად.  
         - მას, თქვენ ხო თქვით, პირველზეო და... 
     - აბა, წავედით! - ვამბობ მე. ალბათ რაღაც მხედართმთავრული არის მასწავლებელში, როცა უზომოდ ბედნიერია კლასი-ლაშქარი რომ ჰყავს, ხან წინ მიუძღვის, ხან უკან. მიყვარს უკან რომ მივყვები. მათ ზურგებს ვხედავ, სიცოცხლე მიაქვთ, მზე მიაქვთ მხრებით და ისე მსუბუქად, არ შეიძლება სიხარულის ცრემლი არ მოგადგეს. უკან კი მივყვები, მაგრამ თითოეულის სახეს ვხედავ. 
    ამ დროს დიალოგების გამოჭერა მიყვარს: 
    - აუუ, ჩხუბზე იქნებოდეს! - ამას რომელიმე ბიჭი ერთხელ მაინც იტყვის  
    - კაი რა... - მიიღო პასუხად. 
    - ანიმე მინდა მე. - წამოვიდა სურვილები. 
    - წინაზე რო ვუყურეთ, მაგას მე სახლშიც ვუყურე, მაგარი იყო. 
    - "აჭარაზე" ნახე?
    - ხო.
        და მე ბედნიერი ვარ. 



      მერე შევალთ.  იკავებენ ადგილებს. ნახევარწრე კეთდება.  ვაერთებ შნურებს, ბარათს და ვეძებ ფაილებში ფილმს... 
     - ე, მას, ეგერაა! ქვემოთ! - შემომძახებენ. 
      ვაჭერ ღილაკს და ჯადოსნობაც იწყება.  ბევრ სასწაულს შევესწარით 2 წლის მანძილზე. ერთად გავზარდეთ ბიჭუნა, ერთად ვსდიეთ ქოლგას, ერთად ვერ დავქორწინდით საოცნებო ადამიანზე და ხელში შეგვრჩა ყვავილების თაიგული, ერთად დავედევნეთ ველოსიპედის გამტაცებლებს, ერთად ვიგემეთ 400 დარტყმა, ერთად არ ავუშენეთ სახლი ნიკალას, სადაც ჩაისთან ხელოვნებაზე ვილაპარაკებდით და ა, შ... 



  მერწმუნეთ, არაფერი ჯობია მათი სახეების ყურებას.  ეს მოუბეზრებელია - აკვირდებოდე თითოეულის გამომეტყველებას. მეც იმდენჯერ ვგრძნობ ყველა იქ ნანახ კინოს, რამდენნიც ისინი არიან.  ერთად ვტირით. ვიცინით. ერთად ვართ.   ერთად განვიცდით.   სიცილს არ ვმალავთ. ცრელმებს ერთად ვიწმენდთ ჩუმად.  ხან ხმაურით გამოვდივართ დარბაზიდან, ხან მდუმარედ.  გააჩნია, რას ვუყურეთ.



  ვალაგებ სკამებს ჩვენების მერე, ვკეცავ შნურებს, ვდებ პროექტორს ყუთში და  გონებაში უამრავი ფილმი ტივტივებს: ესეც უნდა ვაჩვენო... ესეც... ისიც... ლიკასაც ვკითხავ, მირჩევს რამეს-მეთქი, ვფიქრობ. მერე უკვე ერთად  ნანახ ფილმებს ვავლებ გონების თვალს და გული სიყვარულით მევსება.  ხმებიც კი ჩამესმის კინომუსიკების. მათ რეაქციებს ვიხსენებ. 



  მერწმუნეთ, მათთან ერთად ფილმის ყურებაზე კარგი ცოტა რამე თუა ამქვეყნად.  
იმედია, ოდესმე გაიღებს მოწყალებას მეათე მუზა, ესტუმრება ვინმე მეცენატს, კეთილ ბიძიას და ერთხელაც ნამდვილი კინოდარბაზიც  გვექნება.  



მანამდე კი კინოკლუბი "დუბლი" წარმოგიდგენთ...
https://www.facebook.com/dubl10/