Wednesday, July 29, 2020

ნუ მოვკლავთ კესს

                                 კინოზაფხულის  დღე მე-3         

 

რაც მეტს ვცდილობთ, მოზარდებს სიყვარული ვასწავლოთ, უფრო აშკარაა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რადგან პრობლემებს ბოლო არ უჩანს. საერთოდაც, როგორ ვასწავლოთ სიყვარული? როგორ ისწავლება თანაგრძნობა, მეგობრობა, სიკეთე?...  უამრავ ადამიანს უამრავი პასუხი აქვს ამ კითხვაზე, თეორიულად ყველაფერი ვიცით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველაფერი გაცილებით  რთულადაა.  მე მშობელი ვარ, მასწავლებელი ვარ და ვიცი,  საკუთარი მაგალითით იწყება სწავლება და ვცდილობ, როგორც შემიძლია, მაგრამ ყველაფრის მაგალითი თავად ვერ გავხდები, როგორაც  უნდა მინდოდეს, სწორედ ამისთვის გაჩნდა „უთვალავი ფერით“  სავსე სამყაროში ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა,  ხუროთმოძღვრება და ამისათვის არსებობს კინოკლუბი „დუბლი“, ამისთვის მეათე მუზამ სინემატოგრაფია გვიწყალობა,  რათა  ვიგრძნოთ, დავინახოთ, განვიცადოთ, რათა არ დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი და მთავარი. ვფიქრობ, ამის წამალია კინო.  სწორედ ამიტომ არის ჩვენი კლუბის დევიზი ფრაზა: #მეტი_კინო_სკოლაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლაში გვჭირდება მეტი სიყვარული, მეტი სიცილი, მეტი ხალისი, მეტი თავისუფლება, მეტი სიკეთე, მეტი თანაგრძნობა, მეტი ცოდნა.  

ვფიქრობ, ფილმები საუკეთესო მასწავლებლები არიან. თუ ჩვენ ერთხელ მაინც ვნახავთ ეკრანზე (თან ერთად!) პატარა ბიჭუნას, რომელსაც გაკვეთილზე ეძინება, რადგან დილით უთენია დგება და გაზეთებს არიგებს, თუ ჩვენ ერთხელ მაინც ვნახავთ, როგორ გარბის იგი სკოლაში, უკვე დაღლილი, ჭუჭყიანი, ღარიბულად ჩაცმული, საბრალო, მაინც შეუპოვარი, თუ ერთად ვუყურებთ, როგორ ჩაგრავს თავად დაჩაგრული მძიმე ყოფისგან უფროსი ძმა ( და არა მხოლოდ),  რომლის ერთადერთი მომავალი მაღაროს „ბრწყინვალებაა“, როგორ არ სცალია შეწუხებულ დედას მის მოსაფერებლად, რადგან ქმარმა მიატოვა და მარტოს უწევს  არჩინოს ოჯახი, თუ ერთხელ მაინც მოვკარით თვალი ბიჭის სახეს კესის გაწვრთნისას და მოვისმინეთ დიალოგი მასწავლებელთან, თუ ჩვენ გავიგეთ და ვიგრძენით, რას შეიძლება ნიშნავდეს ბიჭისათვის შევარდენი, რომელსაც იგი კვებავს და უვლის, ბიჭისათვის, რომელსაც სხვა არაფერი აქვს გასახარი, მაშინ ჩვენ     არასოდეს მოვკლავთ კესს.

 

ამგვარად, „დუბლისა“ და საზაფხულო კინოსკოლის გულშემატკივრებო, დღეს ჩვენ კენ ლოუჩის შედევრს - „კესი“  ვუმასპინძლეთ. თუ ვინმე ხართ, ვისაც ჯერ არ გინახავთ ეს ფილმი, წინ გაქვთ ეს მწარე ბედნიერება. აქ  იმდენ ნაცნობ სატკივარს დაინახავთ - მშობლები და შვილები, სკოლა და მოსწავლე, სისტემა და ბავშვი, სოციალური პრობლემები და ოჯახი...


ჩვენება რომ დასრულდა, იმდენ რამეზე დავფიქრდი კიდევ ერთხელ, იმდენი ხარვეზი მაპოვნინა საკუთარ თავში, დავითრგუნე, მაგრამ დღის ბოლოს ჩვენმა აქტიურმა დუბლელმა-კინოსკოლელმა ლიზიმ ეს მომწერა და მომეფონა. აი, რატომ მიყვარს კინოზაფხული და კინოკლუბი „დუბლი“.

 

ლიზი გორდულაძე, კინოსკოლის დღიურებიდან:    პანდემიამ  ბევრი მოწყენილობა მოგვიტანა, საშინლად მოგვბეზრდა სახლში ყოფნა, ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი და  რაც კინოზაფხული დაიწყო, დღე სულ სხვნაირად იწყება. მთელი დღე იმის ფიქრში ვარ, რომ არ უნდა დამაგვიანდეს. ჩვენი სკოლის ეზოში  კინოსკოლელები ელოდებიან დაწყებას. როცა სკოლის ეზოს მივუახლოვდები , დარბაზის კარს მიყრდნობილ ბავშვებს ვხედავ,  მეც მათ რიგს ვუერთდები. სანამ ყველა მოვა , ვრეკავთ, იქნებ ვინმე ვერ მოდის, ან იქნებ ვინმეს აგვიანდება. როცა ყველა შევიკრიბებით, ვიწყებთ.  კინოჩვენება, საუბრები, თამაშები, ბოლოს ვიღებთ დავალებებს, ვაცნობთ ერთმანეთს იდეებს და ვარჩევთ  საუკეთესოს, ყველას რომ მოსწონს, ისეთს. ამის შემდეგ დავალების გადასაღებ ადგილს ვარჩევთ, და მისკენ მიმავალ გზაზე ათას რამეზე ვსაუბრობთ. საბიანა არის  ჩვენი გუნდის კაპიტანი , არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ იგი ძალიან კარგი ლიდერია და მუშაობის პროცესი ძალიან სახალისოა. თუმცა „კესმა“ სევდა და ცრემლები დაგვიტოვა...

  ვიწყებთ გადაღებას. ბევრი გვაქვს სამუშაო.  იცით, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება მხოლოდ ერთი კადრის გადაღებასაც კი. როცა 20-ჯერ ცდის შემდეგაც ერთია კადრის არჩევა შეუძლებელია, ეს არაა ადვილი. . 50-ე  ცდაზე შეიძლება,  რომ ის ერთი გამოერიოს ( რომელსაც თქვენ ეკრანზე ნახავთ), რომელიც სხვებისგან განსხვავდება . შემდეგ მონტაჟი ( მე ორ კატეგორიად დავყავი ეს პროცესი, მაგრამ რეალურად უამრავი საფეხურია აუდიტორიის წინ გამოჩენამდე ). როცა გიგი  ძალიან მაგარ ფილმს გვაჩვენებს , მისი ნახვის შემდეგ ბოლო ლუკმა ჩვენი გუნდის ვიდეოა, რომელსაც მიშო ამონტჟებს ,  ბოლოს,  როგორც იქნება,  ფილმი გამოცხვება , მხოლოდ მისი ნახვაღა რჩება . როცა იღებ , ან როცა თამაშობ , როცა ამონტაჟებ, ეხმარები,  ხვდები რომ ამის დიდი ნაწილი ხარ.  ჩემს მეგობრებთან ერთად რომ ვარ ჯგუფში და ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, ესეც  საკმარისია,  რათა  ისიამოვნო, გაერთო კიდეც და თან ძალიან კარგი რამ აკეთო.    ზაფხულის განმავლობაში ყველაზე ძალიან კინოდღეები  მიყვარს.  ჯერ მხოლოდ მესამე დღეა.  როგორც სოფო მასწავლებელმა თქვა, ჩვენ ვაკინოვებთ ზაფხულს.

            თქვენც შემოგვიერთდით.


Sunday, July 26, 2020

კინოსკოლის დღიურები





        პირველთავე არ იყო კინო.
  კინო მერე გაჩნდა. მერვე დღეს.
  (კინოს  სახარება, თავი 1, მუხლი 1. ) 

     ვის - როგორ, ეგებ ვინმეს - სულაც არა, მაგრამ მე პერიოდულად დამრევს ხოლმე ხელს მწარე ფიქრები, მიმძიმს და განვიცდი, რომ რამდენ რამეს ვერ ვახერხებ, ვერ გავწვდი ყველაფერს, რომ რასაც ვაკეთებ (ღმერთო, რა ხმამაღალი ნათქვამია), ისიც არაფერია და, საერთოდ, რისთვის ვარ, ვერაფერი შევძელი ჩემი არსებობით-მეთქი. არც ისე ადვილია ამაზე ფიქრი. გაცვეთილია, მაგრამ  ჩემთვის მაინც მარად ახალი და დამამძიმებელი. სამაგიეროდ...  წლებია ამ გულს ჩაბღაუჭებული საძაგელი სევდის უებარი წამალი ვიცი. 

      არა. ასე პირდაპირ ვერ გავამხელ რეცეპტს. ჯერ პატარა ამბავი უნდა მოისმინოთ. 

    არ მახსოვს წელი, დაახლოებით მე-8 კლასში ვიქნებოდი. ეს ის დრო იყო, როცა: "სანამ რამე კინო გადის, სულ ტელევიზორს უნდა უყურო?!." "კინო ერქვას და ყველაფრის ყურება შეიძლება?!".. "ჰაერი მაინც ჩაყლაპე, გადი მზეზე, მერამდენედ უნდა  ნახო ერთი და იგივე?!." - მსგავსი ფრაზები გაისმოდა ძალიან ხშირად ჩემი მისამართით (არადა, ჩემი მშობლები არაფრით ჩამომივარდებოდნენ ამ საქმეში, უბრალოდ, ჩემს ახლომხედველ თვალებს უფრთხილდებოდნენ)  და ერთხელაც, როცა დიდი ტელევიზორის ყურებაზე გარკვეული დროით  უარი განმიცხადეს, ისედაც ასტიგმატიზმიან თვალებს მთლად დაითხრიო, ავდექი და კიდევ უფრო თვალდასათხრელ, ერთ ბეწო შავ-თეთრ ტელევიზორში ჩუმად (ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა), იატაკქვეშ განვაგრძე ყურადღება. თავი გმირად წარმომედგინა და მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ტელევიზორი, რომელსაც, თუ არ მეშლება, ეწერე იუნოსტ (არ მაქვს რუსული შრიფტი) და რომელიც ძალიან პატარა იყო, ცუდად აჩვენებდა, არხიდან არხზე გადასართავი თითებს მტკენდა და სპილენძის თუ ალუმინის, არც მახსოვს, მავთული ხშირად ვერ ასრულებდა ანტენის მოვალეობას, ტელევიზორს, რომელსაც ეგზომ პატარა ეკრანი კი ჰქონდა, მაგრამ ტყვიასავით მძიმე იყო, მე მაინც დიდი რუდუნებით მივჩერებოდი პატარა, კვადრატულ ეკრანს, რომლის მიღმაც  უამრავი ჩემთვის გაურკვეველი დანიშნულების მოღუღუნე ნაწილი იყო  და ველოდებოდი ცის გახსნას:  აბა, რა დაიწყება... 

    ჰოდა, ერთხელ მართლა გაიხსნა ცა. ამ ჩვენმა ძველმა საბჭოთა პაწაწინა შავ-თეთრმა ტელევიზორმა, რომელიც, ასე მეგონა, მხოლოდ პირადად ჩემთვის უჩვენებდა ფილმებს, ტელევიზორმა, რომლის წინ ბევრი ცრემლი მიღვრია და შვიდჯერაც კი მიყურებია ერთი და იმავე ფილმისათვის (სად იყო ასარჩევად), რომელიც წლების შემდეგ მამამ გააჩუქა, დაგაბრმავებთ ამის ყურებაო,  აი ამ პატარა ჯადოსნურმა ყუთმა კაპრას   "ეს მშვენიერი ცხოვრება" მაჩუქა. 

       თქვენ რომ ზუსტად იცოდეთ, რა პირობებში ვუყურე...  ახლა, ამ ეიჩდისა და ფულ ეიჩდის და კიდევ ათასნაირ სამ დე სამყაროში,  იმ ეკრანზე ფილმის ყურება მართლა გმირობად მეჩვენება. ეს ისედაც პატარა ეკრანი ხან ორად გაიყოფოდა, ხან - სამად, ხან - ვერტიკალურად და ხან - ჰორიზონტალურად. გამოსახულებები ხან გაორდებოდა, ხან გასამდებოდა, ხან ნეგატივის მსგავსი იყო და ხან ისე გათეთრდებოდა, მხოლოდ ვუსმენდი (მოსმენილი ფილმების მთელი წყება მქონდა. ეგ კიდევ ცალკე ამბავია).  იატაკზე ვიწექი (როგორ მიყვარდა ასე ყურება, კითხვა, მოსმენა) და პერიოდულად ვცდილობდი, იმ საცოდავი "ანტენისათვის" ხელსაყრელი წერტილი მომეძებნა როგორმე. მართალია, ეს წერტილი რამდენიმე წუთით გაასწორებდა მხოლოდ გამოსახულებას, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი და მადლობას ვუხდიდი კინოს ანგელოზს, რომ საერთოდ შევძელი ყურება რაღაც ასეთის. 
       ერთი სიტყვით, ასეთ რთულ  ექსტრემალურ ვითარებაში დაბინავდა ჩემს ცხოვრებაში ჯორჯ ბეილის ამბები, თანაც - სამუდამოდ.   ფრენკ კაპრა - ეს მშვენიერი ცხოვრება!  -  ესეც წამალი, რომელიც სიმძიმილს ცვლის სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებით. წამალი, რომელიც არც კი მახსოვს, რამდენჯერ მივიღე. მეტიც, რამდენჯერ მირჩევია სხვებისათვის, რამდენჯერ მომიყოლია შინაარსი მათთვის, ვინც არ დამიჯერა და არ უყურა. რამდენჯერ ბევრი რამის მაგალითად მომიყვანია. ბეილების ამბავი ჩემი თანამგზავრია. ეს ჩემი კინოა. ეს ჩემი პასუხია ბევრ რამეზე. ეს არის ის, რისთვისაც კინოს გაჩენა ღირდა, ეს არის ამბავი სიკეთეზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, როგორც გიგიმ თქვა, მშობლიურ პატარა ქალაქში დარჩენაზე, სასოწარკვეთასა და იმედზე, დაცემასა და ადგომაზე, ბრძოლასა და თავდადებაზე, იმაზე, რომ ყოველთვის აქვს აზრი  სიკეთის კეთებას და რომ არაფერი იკარგება, ეს კინო არის ოჯახზე, მოქალაქეობაზე, კაპიტალიზმის სივერაგეზე, თითქოს პატარა და უსუსურ, მაგრამ ძლიერ ადამიანებზე, რომლებიც სულაც არ არიან სუპერმენები,  რომელთა ერთადერთი იარაღი სიყვარული და ერთგულებაა.  ეს არის ამბავი იმაზე, თუ რატომ არის კარგი და როდის შეიძლება იყოს ბედნიერება ადამიანობა. ეს ფილმი უამრავ რამეზეა. 

         თუმცა  ეს არ არის ყველაფერი, რაც მინდა ვთქვა. 
       დღეს, 2020 წლის 24 ივლისს, საზაფხულო კინოსკოლის, რომელსაც მთელი წელი ველოდით (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) პირველ დღეს, ჩვენმა სტუმარმასპინძელმა (აქ ეს სიტყვა ნამდვილად ერთად უნდა დაიწეროს) კინომოხალისე მისიონერმა გიგიმ, რომელიც წლებია ამ საქმეს ემსახურება, პირველივე დღეს ფრენკ კაპრას ეს მშვენიერი ცხოვრება" გვაჩვენა. 
მე ბოლომდე ვერასოდეს ამოვთქვამ ამის გამო მადლიერებას,. ვერ აღვწერ, რა ბედნიერი ვიყავი. ვეცადე, არ გამომეხატა ჩემი მძაფრი ემოციები და არ დამეფრთხო ბავშვები.. საოცარია ერთად ფილმის ყურება. ეს სახლში ყველას შეგვიძლია და ზოგი იტყვის, უფრო კომფორტულიც კიაო, მაგრამ დაგვიჯერეთ, ერთად ყურების ეს მივიწყებული კულტურა ღირსია გახსენებისა და  აღორძინების. და კაპრასაც  ვუყურეთ ერთად, სხვადასხვა ასაკის ადამიანები ვიყავით, 8 წლიდან 60 წლამდე. მე, რომელმაც, ვინ იცის, მერამდენედ ვუყურე, ისე ვისრუტავდი კადრებს, , თითქოს პირველად ხდებოდა ეს. ის ხანგრძლივი ტაში, ფილმის ბოლოს რომ იყო, იმ ზანზალაკის ხმად ჩამესმოდა. არ ვიცი, ცაში - ვინ, მე კი მერამდენედ მივიღე ფრთები ამ ფილმისგან.  ჩვენ იქ ყველამ მივიღეთ ფრთები. ამიტომ მიყვარს კინო და ჩვენი კინოკლუბი, აქ ფრთები, სიცილი, ცრემლები, მხიარულება, სევდა - ყველაფერი  საზიაროა, საერთოა. აქ კინო გვაერთიანებს.  

      მაგრამ ამბავი აქ არ სრულდება. ხანდახან ტიტრების მერეც ხომ არის ხოლმე ორიოდე კადრი., აი, რომ არ ელოდები, მაშინ. ჰოდა, ჩვენების ბოლოს მე კიდევ უფრო დიდი ფრთები მელოდა ჯილდოდ, როცა გიგიმ, მისთვის ჩვეული  გულისხმიერებით თქვა, რომ  ჩვენება მე მეძღვნებოდა. 
არც კი ვიცი, ახლა რა ვთქვა. გიგიმ არ იცოდა, რომ ეს ჩემი ფილმი იყო. ისიც არ იცოდა, ნანახი მექნებოდა თუ არა. არადა,  რა დროული იყო ეს ყველაფერი. ალბათ კინოს ანგელოზმა ჩააგონა. 

    პირველთავე არ იყო კინო, იგი მერე გაჩნდა. მერე კინო სკოლაში შემოვიდა და ჩვენ ერთად ვაკინოვებთ ზაფხულს. 

      ეს იყო დღე 1-ლი. 
      შემოგვიერთდით