Sunday, June 24, 2018

Carpe diem, მასწავლებლებო ♥️

   როცა არსებობს "გუგლი" - ფანჯარა სამყაროში, სული წაგძლევს ხოლმე, გაიგო, სად რას და როგორ ასწავლიან. ასე შევძვერი რამდენიმე ფანჯარაში და შედეგად ძალიან შემშურდა ევროპული სკოლების ბევრი რამის გამო, მათ შორის, იმის გამოც, რომ ლათინურსაც ასწავლიან ბავშვებს, სხვა ბევრ კარგ რამესთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცოდნა ამ სფეროში ცნობილ ლათინურ სიტყვა-თქმებს არ სცდება, გადავწყვიტე, მაინც მეცადა და ამ მშვენიერი ფრთიანი გამონათქვამებისათვის მაინც მიგვეჩვია ყური. წიგნი ჩემს დას აღმოაჩნდა. მოვჩხრიკე რაღაცები, ბავშვებს შეძლებისდაგვარად ავუხსენი, რა მსურდა და რატომ. ვესაუბრე ამ აწ უკვე მკვდარი ენის მნიშვნელობაზე, ისტორიაზე, ავუხსენი, რომ ამით მცირედით მაინც გავამდიდრებდით ცოდნას და სიხარულით დამთანხმდნენ, ვისწავლოთო, მასწავლებელო("მას", "მასწავლებელო" - ასე რომ მომმართვენ, ეს ისე მიყვარს და ისე მიხრია, ვარსკვლავები, ფერადი ყვავილები, ოქროს ფოთლები და ჯადოსნური მტვერი იყრება მაშინ ჩემ ირგვლივ).

   მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, რამდენიმე ფრაზეოლოგიზმი და სიტყვა ვისწავლეთ და მივედით ესოდენ პოპულარულ გამოთქმამდე "Carpe diem!". ეს ფრთიანი ფრაზა პირველად მეც იმ ცნობილი ფილმიდან შევიტყვე , სადაც ჩემი კოლეგა მოსწავლეებს ჩურჩულით ეუბნება ამ ორ ძვირფას სიტყვას. მაშინ მოსწავლე ვიყავი თავადაც, ახლა კი, ახლა უკვე მასწავლებელმა მე თავად უნდა ავუხსნა ბავშვებს მათი მნიშვნელობა. კაი ხანს ვილაპარაკე იმაზე, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს წამის დაჭერა. ისეთი ჭკვიანური რამეები შემომაშველეს თავად ბავშვებმაც, გამაკვირვეს.
კარგი დღე იყო.
   მოგვიანებით, ძილის წინ, ისევ რომ მოვავლე გონების და გულის თვალი იმდღევანდელ გაკვეთილს, ისევ ვიგრძენი ის, რაც გაკვეთილებზე ასე ხშირად მიგრძვნია:
   აი, დავდივარ რიგებს შორის, ან ვდგავარ, ან ვზივარ, გადავავლებ თვალს კლასს - ხან წყნარად არიან, მშვიდად, თითქოს ერთდროულად უცემთ გულიც....ხანაც ფუსფუსებენ, ასევე ერთხმად, ან ზუზუნებენ, ან რიარიობენ... ჯგუფ-ჯგუფად, წყვილებად თუ სამეულებად, იცინიან, იღიმებიან ან სევდიანად იყურებიან ფანჯარაში, ან ხმაურობენ.... ან არ ვიცი, უბრალოდ, არიან ერთად, არიან კლასში, მე ვარ მათთან და გული ივსება, ივსება, ივსება... აი, ის ავსებაა carpe diem. ისე მიყვარს ის წამი. წამები. წუთები. ისე ხშირად ვგრძნობ ხოლმე ამას და თან ვნატრობ, ღმერთო, არასოდეს დამტოვოს ამ გრძნობამ, სულ ჩემთან იყოს.   ბავშვებსაც ხშირად ვუმხელ ამ ფიქრებს. ჯერ არ ყოფილა, იმაზე უკეთ არ გაეგოთ რამე, ვიდრე ველოდი.

   დასასრულ: ბევრი carpe diem ჰქონოდეს გულში მას, ვისაც ბავშვებთან უწვეს ყოფნა, უწევს გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, ვისაც ეს ხმამაღალი სიტყვა "მასწავლებელი" ჰქვია.