Monday, April 9, 2018

სააღდგომო


    მეხსიერება დიდხანს ინახავს სუნს, ფერებს, სიტყვებს, გემოს. რას არ გულისხმობს და გახსენებს მრავალჯერ ნანახი და შესრულებული ესა თუ ის რიტუალი.  ხმები, დილიდან რომ ჩაგესმის, საწოლშივე რომ გაიგონებ, გამცნობს, რომ დაწყებულია...  ნელ-ნელა არჩევ,  რისი სუნი იგრძენი - ფიცრული იატაკის ღრიჭოებში რომ ამოაღწია და ცხვირს მიეხალა,  ის გაიძულებს, მალე წამოხტე თბილი ლოგინიდან და მიაშურო ფუსფუსის ეპიცენტრს.
    მოხარშული კვერცხების ორთქლიც კი ისე გაგონდება, როგორც ჯადოსნური კვამლი, მისნისა თუ შამანის ირგვლივ რომ უნდა იყოს აუცილებლად, ოღონდ ეს შამანი ხელებდაკოჟრილი და თმათეთრი ბებიაა, რომელიც ენითაუწერელი  მოწიწებით აღასრულებდა ყოველ  (სხვა სიტყვა აქ არ გამოდგება)  სააღდგომო რიტუალს.
    არის მეგრულში ერთი ასეთი სიტყვა - გილაქიმინუა, რომელიც სანთლის ჩამოქნის მნიშვნელობით მესმოდა ბავშვობიდან. სახლში დამზადებულ სანთელს, ბადრ მთვარესავით დიდს, ნათელს, მრგვალს, რომელიც კაი ორი თითის დადების სისქისა იყო, ბებია ჩამოაჭრიდა მოზრდილ ნაჭერს, გაამზადებდა სათანადო ძაფს, რამდენიმე ფენად დააწყობდა, მერე იწყებოდა სანთლის ცეცხლის ალზე მოთბობა, თითებით დამუშავება, ძაფს მე დამაკავებდა ხელში და თვითონ ხელის სასწაულად ლამაზი მოძრაობებებით იმ ძაფზე სანთელს თანაბრად ანაწილებდა. ამას აკეთებდა ნელა, აუჩქარებლად, სიყვარულით.
ძალიან მიყვარდა ამის ყურება და მასში მონაწილეობა. თაფლის სანთლის საოცარი სურნელი. სულ ვყნოსავდი, საყნოსავად ნაჭერს ცალკე მაძლევდა ბებია. ცხვირზე მივიდებდი წამოწოლილი და იმ დღეებში წიგნებსაც ასე ვკითხულობდი ხოლმე.
    ეს რიტუალი სასაკურთხე ან საფლავზე წასაღებ სანთელს ეძღვნებოდა. დიდი რუდუნებით და სიყვარულით ჩამოქნილი/გილაქიმინელი სანთელი საუკეთესო ღვინოსთან და საჭმელთან ერთად სფლავისთვის იყო განკუთვნილი.

    და აი, აქ იწყებოდა მთავარი, უფრო ზუსტად, კი არ იწყებოდა, საფლავზე გასვლით გვირგვინდებოდა ის, რაც წინა დღეებში დაიწყო. ახლა ვფიქრობ, განგებ ანაწილებდა-მეთქი ამ საქმეებს, ორ და სამ დღეზე, რომ მეტი მოწიწება, პატივისცემა და სიყვარული გვქონოდა მათი, იმ ჩემიანების, არასოდეს რომ არ მინახავს.
თუმცა განა მხოლოდ წინა დღეებში იწყებოდა ეს, ბებია ყოველ დღე აკეთებდა ამას. დღეში რამდენიმეჯერაც კი, როცა მე, მას ადევნებულს, საძროხესა თუ მარანში, მაღაზასა (ნალია) თუ საქათმეში, მოუწყინებლად, დიდი სიყვარულით მიყვებოდა და მიყვებოდა ნათესავებზე. მიამბობდა, როგორ დაიბადნენ, როგორ უყვარდათ, როგორ დაქორწინდნენ, როგორ ისწავლეს, როგორ უჭირდათ, როგორ იომეს, როგორ გარდაიცვალენენ, როგორ გლოვობდნენ, როგორ ხუმრობდნენ, როგორ ერთგულებდნენ, როგორ შრომობდნენ და ა.შ... და ამით ბებიამ ის მოახერხა, რომ, როცა საფლავზე მივიდოდით, მე მივდიოდი ჩემიანებთან, ძალიან საყვარელ და ძალიან ძვირფას ადამიანებთან, მათთან, ვისაც სიხარულით ავსებს ჩემი მისვლა და ბებიას წყალობით დღესაც ეს განცდა მაქვს საფლავზე მისვლისას - თითქოს ისინი ვინახულე, ძალიან კარგი საქმე გავაკეთე, გავიხარეთ ყველამ.
    "ჩვენი სასაფლაო/საფლავი" ("ჩქინი სასაფლა") - ასე იცოდა ბებიამ თქმა. ხშირად გამიგია, ასე რომ ამბობენ ადამიანები და ამის გაგონება თან სიყვარულით მავსებს, თან სევდით. მით უფრო ახლა, როდესაც უკვე ბებიაც იქაა. იქ, სადაც ასე გულმოდგინედ, ასეთი სიყვარულით დამატერებდა და მასწავლიდა სიყვარულს, კრძალვას, პატივისცემას და კიდევ მილიონ რამეს.

    აი, ხვალ ისევ გაივსება გზები და საფლავების მოსანახულებლად მოსული ადამიანები წავლენ, ისევ განაგრძობენ ცხოვრებას ჩვეული რიტმით და ექნებათ განცდა, რომ რაღაც ძალიან ლამაზი და კარგი გააკეთეს - მოინახულეს ისინი, ნანახი თუ უნახავი თავისიანები. ერთად იზეიმეს და დროებით წაშალეს ორი ქვეყნის ზღვარი.

    ყოველ წელს უზომოდ მიჩუყებს გულს ასეთი მოკრძალება საფლავების, საცობები ტრასებზე, სასაფლაოსაკენ მიმავალ გზებზე, ეს დაცლილი ქალაქები და ახმაურებული სოფლები, ასეულობითკილომეტრგამოვლილი ადამიანები... ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ არ მოსწყდე უმნიშვნელოვანესს.

    ქრისტე აღსდგა! მეც გილოცავთ ყველას და რადგან არ შეიძლება, აღდგომამ ამ ლექსის გარეშე ჩაიაროს, გიტოვებთ კარლოს :

    აღდგომა დასავლეთ საქართველოში

განა შესაძლებელია ადამიანს ისევე სძაგდეს თავისი სამშობლო,
როგორც დოსტოევსკის პერსონაჟს თავისი სატრფო...
ამ მაღალი,ხანგრძლივი წვიმების ქევშ,
როცა იხსენებ ციურ ლაზარეთში მწოლიარეთ.-
სასაფლაოზე გლეხები ღვინოს სვამენ ვიღაცის საფლავთან.
სადღაც რკინიგზასთან დაეხეტებიან სველი,მშიერი ძროხები
მონგრეული შლაგბაუმის გასწვრივ.
იქ,სადაც ბავშვების ხმამაღალი თამაშია
მოულოდნელი თან ბუნებრივი,
როგორც ყველა სხვა განურჩევლობა.
სოფლის ახალგაზრდა ექიმი არ ჩქარობს საწოლიდან წამოდგომას.
ბოლომდე ვერგამოღვიძებული თავლებით უყურებს
საძინებლის დაკეტილ კარებს:
ქვემოდან რაღაც ხმაური ისმის -
როგორც ყოველთვის,დედა უკვე მუშაობს სამზარეულოში,
როგორც თითქმის ყოველთვის
ამ აღდგომა დღესაც წვიმს -
და ძნელია სკამზე გადაკიდებულ სამოსამდე მიღწევა.
სასაფლაოზე კი წითელი კვერცხების ნაჭუჭები ყრია.
და სხვადასხვა დროს ჩამქრალი სანთლები ამკობენ
მიცვალებულთა მკაცრ ან მოღიმარე სახეებს
საფლავთა ქვებზე.


კარლო კაჭარავა❤