Friday, September 14, 2018

სწავლა იწყება


     ჩავალაგე ჩანთა (მერამდენედ).  კაბაც გადავკიდე, ყვითელყვავილებიანი. თმაშიც მინდოდა, ყვავილი მქონოდა, მაგრამ ვერ ვნახე საჩემო ვერაფერი.
   რამდენიმე დღეა ვემზადები, ბავშვებო, თქვენთან შესახვედრად. გულში გამუდმებით მოგმართავთ ათასგვარი სიტყვებით და ყოველ ჯერზე ეს მიმართვა სხვანაირია. სულ გელაპარაკებით, გელაპარაკებით... განა მხოლოდ ახლა? არა. მთელი ეს არდადეგები ასე იყო. ყველაფერი, რაც მოვისმინე, წავიკითხე, ვნახე, თქვენ გაგიზიარეთ გუნებაშივე. თვალწინ მედექით. ის კი არადა, ზაფხულის ნამზეურიც კი გავითვალისწინე თქვენზე ფიქრებში.
     არდადეგები მიილია და აი, ორშაბათს სწავლა იწყება.  თქვენ როგორ შემეყრებით, ვიცი - მზიანი, ციმციმა თვალებით, მოლოდინით და სიყვარულით, გარუჯულები, წამოზრდილები, ლამაზები... მე რა ვქნა, როგორ დაგხვდეთ ისე, რომ ვთქვა ყველაფერი, რისი თქმაც მინდა? რომ მიხვდეთ, როგორ მიყვარხართ და როგორ მინდა, მეტი შევძლო, უფრო მეტი. როგორ მენატრებოდით და როგორ ვეცადე, სულ ოდნავ უკეთესი მაინც დაგბრუნებოდით ახალ სასწავლო წელს.
     რა გამომივა, არ ვიცი. დაგეგმილიდან რამდენს შევასრულებ და რამდენს ვერა, რამდენის მიტანას შევძლებ თქვენამდე, რას მოგაწონებთ და რას - ვერ, რამდენჯერ აგიბრჭყვიალდებათ თვალები გაკვეთილზე და რამდენჯერ არა, არ ვიცი და ვღელავ. მინდა ბევრი რამ ვიგრძნოთ ერთად. მინდა განვიცადოთ ტექსტები, ამბები, ფილმები. მინდა, წერა იყოს სიხარული და ბედნიერება. მინდა მოვუსმინოთ ბევრ კარგ რამეს, ვუყუროთ. მინდა, არ გვაღელვებდეს ეს ოხერი ქულები. მინდა ჩემი შეფასების კრიტერიუმი თქვენი სიყვარული იყოს და თქვენც მასწავლებლის სიტყვა უფრო გიხაროდეთ, ვიდრე ნიშნები. მინდა გვიყვარდეს ის, რასაც ვსწავლობთ და შეგვეძლოს სხვისი ტკივილის და სიხარულის დანახვა, გაზიარება და ხელის გაწვდენა. 
     მალე ზარსაც ჩამორეკავენ. ბედნიერი ყოფილიყოს!... მე მიყვარს მისი ხმა. მიყვარს ეს მერხები, თქვენ რომ მალე აახმაურებთ. მიყვარს ეს დაფა, ცარცი. რომ იცოდეთ, როგორ მიხარია, დაფასთან რომ ვდგავარ და სიტყვები გამომყავს. მიყვარს კლასის კედლები, აჭრელებული პლაკატებით, რუკებით, აფორიზმებით, ნახატებით. მიყვარს ჩვენი ჭრაჭუნა იატაკი და დიდი ფანჯარა. მიყვარს ეს ყველაფერი თქვენით და თქვენ გამო, მინდა, სულ მიყვარდეს და მინდა თქვენც მუდამ გიყვარდეთ, როგორც აქამდე. 
     ერთი სული მაქვს, როდის აჟრიამულდება ეს ყველაფერი. იცოდეთ, არავინაა თქვენზე ძვირფასი დუნიაზე.

ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. 📚♥️

Monday, July 30, 2018

კინოკლუბი „დუბლი“ წარმოგიდგენთ...





   რაიმე რომ ძალიან გიხარია, ბედნიერი ხარ და ამ ბედნიერების  გაზიარების სურვილიც არ გასვენებს, ეს, მგონი, მასწავლებლის  ერთ-ერთი მთავარი გრძნობაა.  გინდა ყველაფერი მოსწავლეებამდე მიიტანო, იგივე აგრძნობინო, რაც თავად განიცადე და სულ უკმაყოფილო ხარ, ვაითუ, კარგად ვერ შეძელი ეს. 

   ასე ვარ მეც და როგორ შეიძლებოდა, ისეთი საოცრება, როგორიც კინოსამყაროა,  არ გამეზიარებინა ბავშვებისთვის. 

   ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დადგა დრო, როცა სახლში კინოს საყურებლად ვერ მივიცალე.  "აჰ, ცუდადაა ჩემი საქმე", - გავიფიქრე. კაი ხანს ვწუხდი და მერე უცებ მივხვდი, რა უნდა მექნა - თვეში ერთხელ კი არა, მოდი, კვირაში ერთხელ მაინც ვუყურებთ ერთად ფილმს სკოლაში-მეთქი. 
   Dictum factum (ითქვა და გაკეთდა) და  ასე გაჩნდა აფხაზეთის N10 სკოლაში კინოკლუბი "დუბლი". 



   მერწმუნეთ,  ერთად კინოს ყურება არის მაგარი რამე. ეს მთელი რიტუალია, რომლის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.  ჯერ ვაცხადებ ფილმს, ან ვაკრავ აფიშას, ან თეთრ დაფაზე ვწერ რეჟისორის სახელს, გვარს, ფილმის დასახელებას.  ამ დროს ისინი  ხელს აყოლებენ თვალს.  ამას მოჰყვება შეკითხვები: 
  - მას, რაზეა? 
  - ანიმაციაა თუ კინოა, მას? 
  - შავ-თეთრია?
  - მას, თქვით, რა, რაზეა... 
      და ასე შემდეგ. 
   თუმცა სიამოვნება მანამდე იწყება, არჩევას რომ შევუდგები, მაშინ. მერე ვიქექები, ვიქექები, ავარჩევ, გადმოვწერ. ისე მიხარია,  ჩანთაში რომ  მეხსიერების ბარათზე საყვარელი ფილმი მაქვს, თითქოს მთელი გადამღები ჯგუფი მეჯდეს და არა თითისტოლა "ფლეშკა". 
      - მას, როდის დავიწყებთ? 
      - 1-ლ საათზე, ბავშვებო, ჯერ არა. 
      - აუ, მას, დავიწყოთ, რა. 
         ამ დიალოგზე ვგიჟდები.  დრო გამაქვს, რომ ეს რამდენიმეჯერ მოვისმინო. 
       - მაააას, უკვე პირველია! 
      
    კლასის მომზადებაც მთელი ამბავია. ადრე დიდი ტელევიზორი კლასში შემოგვქონდა და ეს იყო ფილმის ყურება ოჯახში.  მერე დარბაზი გაგვიჩნდა და ეს იქცა კინოში წასვლად.  
         - მას, თქვენ ხო თქვით, პირველზეო და... 
     - აბა, წავედით! - ვამბობ მე. ალბათ რაღაც მხედართმთავრული არის მასწავლებელში, როცა უზომოდ ბედნიერია კლასი-ლაშქარი რომ ჰყავს, ხან წინ მიუძღვის, ხან უკან. მიყვარს უკან რომ მივყვები. მათ ზურგებს ვხედავ, სიცოცხლე მიაქვთ, მზე მიაქვთ მხრებით და ისე მსუბუქად, არ შეიძლება სიხარულის ცრემლი არ მოგადგეს. უკან კი მივყვები, მაგრამ თითოეულის სახეს ვხედავ. 
    ამ დროს დიალოგების გამოჭერა მიყვარს: 
    - აუუ, ჩხუბზე იქნებოდეს! - ამას რომელიმე ბიჭი ერთხელ მაინც იტყვის  
    - კაი რა... - მიიღო პასუხად. 
    - ანიმე მინდა მე. - წამოვიდა სურვილები. 
    - წინაზე რო ვუყურეთ, მაგას მე სახლშიც ვუყურე, მაგარი იყო. 
    - "აჭარაზე" ნახე?
    - ხო.
        და მე ბედნიერი ვარ. 



      მერე შევალთ.  იკავებენ ადგილებს. ნახევარწრე კეთდება.  ვაერთებ შნურებს, ბარათს და ვეძებ ფაილებში ფილმს... 
     - ე, მას, ეგერაა! ქვემოთ! - შემომძახებენ. 
      ვაჭერ ღილაკს და ჯადოსნობაც იწყება.  ბევრ სასწაულს შევესწარით 2 წლის მანძილზე. ერთად გავზარდეთ ბიჭუნა, ერთად ვსდიეთ ქოლგას, ერთად ვერ დავქორწინდით საოცნებო ადამიანზე და ხელში შეგვრჩა ყვავილების თაიგული, ერთად დავედევნეთ ველოსიპედის გამტაცებლებს, ერთად ვიგემეთ 400 დარტყმა, ერთად არ ავუშენეთ სახლი ნიკალას, სადაც ჩაისთან ხელოვნებაზე ვილაპარაკებდით და ა, შ... 



  მერწმუნეთ, არაფერი ჯობია მათი სახეების ყურებას.  ეს მოუბეზრებელია - აკვირდებოდე თითოეულის გამომეტყველებას. მეც იმდენჯერ ვგრძნობ ყველა იქ ნანახ კინოს, რამდენნიც ისინი არიან.  ერთად ვტირით. ვიცინით. ერთად ვართ.   ერთად განვიცდით.   სიცილს არ ვმალავთ. ცრელმებს ერთად ვიწმენდთ ჩუმად.  ხან ხმაურით გამოვდივართ დარბაზიდან, ხან მდუმარედ.  გააჩნია, რას ვუყურეთ.



  ვალაგებ სკამებს ჩვენების მერე, ვკეცავ შნურებს, ვდებ პროექტორს ყუთში და  გონებაში უამრავი ფილმი ტივტივებს: ესეც უნდა ვაჩვენო... ესეც... ისიც... ლიკასაც ვკითხავ, მირჩევს რამეს-მეთქი, ვფიქრობ. მერე უკვე ერთად  ნანახ ფილმებს ვავლებ გონების თვალს და გული სიყვარულით მევსება.  ხმებიც კი ჩამესმის კინომუსიკების. მათ რეაქციებს ვიხსენებ. 



  მერწმუნეთ, მათთან ერთად ფილმის ყურებაზე კარგი ცოტა რამე თუა ამქვეყნად.  
იმედია, ოდესმე გაიღებს მოწყალებას მეათე მუზა, ესტუმრება ვინმე მეცენატს, კეთილ ბიძიას და ერთხელაც ნამდვილი კინოდარბაზიც  გვექნება.  



მანამდე კი კინოკლუბი "დუბლი" წარმოგიდგენთ...
https://www.facebook.com/dubl10/

Sunday, June 24, 2018

Carpe diem, მასწავლებლებო ♥️

   როცა არსებობს "გუგლი" - ფანჯარა სამყაროში, სული წაგძლევს ხოლმე, გაიგო, სად რას და როგორ ასწავლიან. ასე შევძვერი რამდენიმე ფანჯარაში და შედეგად ძალიან შემშურდა ევროპული სკოლების ბევრი რამის გამო, მათ შორის, იმის გამოც, რომ ლათინურსაც ასწავლიან ბავშვებს, სხვა ბევრ კარგ რამესთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცოდნა ამ სფეროში ცნობილ ლათინურ სიტყვა-თქმებს არ სცდება, გადავწყვიტე, მაინც მეცადა და ამ მშვენიერი ფრთიანი გამონათქვამებისათვის მაინც მიგვეჩვია ყური. წიგნი ჩემს დას აღმოაჩნდა. მოვჩხრიკე რაღაცები, ბავშვებს შეძლებისდაგვარად ავუხსენი, რა მსურდა და რატომ. ვესაუბრე ამ აწ უკვე მკვდარი ენის მნიშვნელობაზე, ისტორიაზე, ავუხსენი, რომ ამით მცირედით მაინც გავამდიდრებდით ცოდნას და სიხარულით დამთანხმდნენ, ვისწავლოთო, მასწავლებელო("მას", "მასწავლებელო" - ასე რომ მომმართვენ, ეს ისე მიყვარს და ისე მიხრია, ვარსკვლავები, ფერადი ყვავილები, ოქროს ფოთლები და ჯადოსნური მტვერი იყრება მაშინ ჩემ ირგვლივ).

   მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, რამდენიმე ფრაზეოლოგიზმი და სიტყვა ვისწავლეთ და მივედით ესოდენ პოპულარულ გამოთქმამდე "Carpe diem!". ეს ფრთიანი ფრაზა პირველად მეც იმ ცნობილი ფილმიდან შევიტყვე , სადაც ჩემი კოლეგა მოსწავლეებს ჩურჩულით ეუბნება ამ ორ ძვირფას სიტყვას. მაშინ მოსწავლე ვიყავი თავადაც, ახლა კი, ახლა უკვე მასწავლებელმა მე თავად უნდა ავუხსნა ბავშვებს მათი მნიშვნელობა. კაი ხანს ვილაპარაკე იმაზე, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს წამის დაჭერა. ისეთი ჭკვიანური რამეები შემომაშველეს თავად ბავშვებმაც, გამაკვირვეს.
კარგი დღე იყო.
   მოგვიანებით, ძილის წინ, ისევ რომ მოვავლე გონების და გულის თვალი იმდღევანდელ გაკვეთილს, ისევ ვიგრძენი ის, რაც გაკვეთილებზე ასე ხშირად მიგრძვნია:
   აი, დავდივარ რიგებს შორის, ან ვდგავარ, ან ვზივარ, გადავავლებ თვალს კლასს - ხან წყნარად არიან, მშვიდად, თითქოს ერთდროულად უცემთ გულიც....ხანაც ფუსფუსებენ, ასევე ერთხმად, ან ზუზუნებენ, ან რიარიობენ... ჯგუფ-ჯგუფად, წყვილებად თუ სამეულებად, იცინიან, იღიმებიან ან სევდიანად იყურებიან ფანჯარაში, ან ხმაურობენ.... ან არ ვიცი, უბრალოდ, არიან ერთად, არიან კლასში, მე ვარ მათთან და გული ივსება, ივსება, ივსება... აი, ის ავსებაა carpe diem. ისე მიყვარს ის წამი. წამები. წუთები. ისე ხშირად ვგრძნობ ხოლმე ამას და თან ვნატრობ, ღმერთო, არასოდეს დამტოვოს ამ გრძნობამ, სულ ჩემთან იყოს.   ბავშვებსაც ხშირად ვუმხელ ამ ფიქრებს. ჯერ არ ყოფილა, იმაზე უკეთ არ გაეგოთ რამე, ვიდრე ველოდი.

   დასასრულ: ბევრი carpe diem ჰქონოდეს გულში მას, ვისაც ბავშვებთან უწვეს ყოფნა, უწევს გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, ვისაც ეს ხმამაღალი სიტყვა "მასწავლებელი" ჰქვია.

Monday, April 9, 2018

სააღდგომო


    მეხსიერება დიდხანს ინახავს სუნს, ფერებს, სიტყვებს, გემოს. რას არ გულისხმობს და გახსენებს მრავალჯერ ნანახი და შესრულებული ესა თუ ის რიტუალი.  ხმები, დილიდან რომ ჩაგესმის, საწოლშივე რომ გაიგონებ, გამცნობს, რომ დაწყებულია...  ნელ-ნელა არჩევ,  რისი სუნი იგრძენი - ფიცრული იატაკის ღრიჭოებში რომ ამოაღწია და ცხვირს მიეხალა,  ის გაიძულებს, მალე წამოხტე თბილი ლოგინიდან და მიაშურო ფუსფუსის ეპიცენტრს.
    მოხარშული კვერცხების ორთქლიც კი ისე გაგონდება, როგორც ჯადოსნური კვამლი, მისნისა თუ შამანის ირგვლივ რომ უნდა იყოს აუცილებლად, ოღონდ ეს შამანი ხელებდაკოჟრილი და თმათეთრი ბებიაა, რომელიც ენითაუწერელი  მოწიწებით აღასრულებდა ყოველ  (სხვა სიტყვა აქ არ გამოდგება)  სააღდგომო რიტუალს.
    არის მეგრულში ერთი ასეთი სიტყვა - გილაქიმინუა, რომელიც სანთლის ჩამოქნის მნიშვნელობით მესმოდა ბავშვობიდან. სახლში დამზადებულ სანთელს, ბადრ მთვარესავით დიდს, ნათელს, მრგვალს, რომელიც კაი ორი თითის დადების სისქისა იყო, ბებია ჩამოაჭრიდა მოზრდილ ნაჭერს, გაამზადებდა სათანადო ძაფს, რამდენიმე ფენად დააწყობდა, მერე იწყებოდა სანთლის ცეცხლის ალზე მოთბობა, თითებით დამუშავება, ძაფს მე დამაკავებდა ხელში და თვითონ ხელის სასწაულად ლამაზი მოძრაობებებით იმ ძაფზე სანთელს თანაბრად ანაწილებდა. ამას აკეთებდა ნელა, აუჩქარებლად, სიყვარულით.
ძალიან მიყვარდა ამის ყურება და მასში მონაწილეობა. თაფლის სანთლის საოცარი სურნელი. სულ ვყნოსავდი, საყნოსავად ნაჭერს ცალკე მაძლევდა ბებია. ცხვირზე მივიდებდი წამოწოლილი და იმ დღეებში წიგნებსაც ასე ვკითხულობდი ხოლმე.
    ეს რიტუალი სასაკურთხე ან საფლავზე წასაღებ სანთელს ეძღვნებოდა. დიდი რუდუნებით და სიყვარულით ჩამოქნილი/გილაქიმინელი სანთელი საუკეთესო ღვინოსთან და საჭმელთან ერთად სფლავისთვის იყო განკუთვნილი.

    და აი, აქ იწყებოდა მთავარი, უფრო ზუსტად, კი არ იწყებოდა, საფლავზე გასვლით გვირგვინდებოდა ის, რაც წინა დღეებში დაიწყო. ახლა ვფიქრობ, განგებ ანაწილებდა-მეთქი ამ საქმეებს, ორ და სამ დღეზე, რომ მეტი მოწიწება, პატივისცემა და სიყვარული გვქონოდა მათი, იმ ჩემიანების, არასოდეს რომ არ მინახავს.
თუმცა განა მხოლოდ წინა დღეებში იწყებოდა ეს, ბებია ყოველ დღე აკეთებდა ამას. დღეში რამდენიმეჯერაც კი, როცა მე, მას ადევნებულს, საძროხესა თუ მარანში, მაღაზასა (ნალია) თუ საქათმეში, მოუწყინებლად, დიდი სიყვარულით მიყვებოდა და მიყვებოდა ნათესავებზე. მიამბობდა, როგორ დაიბადნენ, როგორ უყვარდათ, როგორ დაქორწინდნენ, როგორ ისწავლეს, როგორ უჭირდათ, როგორ იომეს, როგორ გარდაიცვალენენ, როგორ გლოვობდნენ, როგორ ხუმრობდნენ, როგორ ერთგულებდნენ, როგორ შრომობდნენ და ა.შ... და ამით ბებიამ ის მოახერხა, რომ, როცა საფლავზე მივიდოდით, მე მივდიოდი ჩემიანებთან, ძალიან საყვარელ და ძალიან ძვირფას ადამიანებთან, მათთან, ვისაც სიხარულით ავსებს ჩემი მისვლა და ბებიას წყალობით დღესაც ეს განცდა მაქვს საფლავზე მისვლისას - თითქოს ისინი ვინახულე, ძალიან კარგი საქმე გავაკეთე, გავიხარეთ ყველამ.
    "ჩვენი სასაფლაო/საფლავი" ("ჩქინი სასაფლა") - ასე იცოდა ბებიამ თქმა. ხშირად გამიგია, ასე რომ ამბობენ ადამიანები და ამის გაგონება თან სიყვარულით მავსებს, თან სევდით. მით უფრო ახლა, როდესაც უკვე ბებიაც იქაა. იქ, სადაც ასე გულმოდგინედ, ასეთი სიყვარულით დამატერებდა და მასწავლიდა სიყვარულს, კრძალვას, პატივისცემას და კიდევ მილიონ რამეს.

    აი, ხვალ ისევ გაივსება გზები და საფლავების მოსანახულებლად მოსული ადამიანები წავლენ, ისევ განაგრძობენ ცხოვრებას ჩვეული რიტმით და ექნებათ განცდა, რომ რაღაც ძალიან ლამაზი და კარგი გააკეთეს - მოინახულეს ისინი, ნანახი თუ უნახავი თავისიანები. ერთად იზეიმეს და დროებით წაშალეს ორი ქვეყნის ზღვარი.

    ყოველ წელს უზომოდ მიჩუყებს გულს ასეთი მოკრძალება საფლავების, საცობები ტრასებზე, სასაფლაოსაკენ მიმავალ გზებზე, ეს დაცლილი ქალაქები და ახმაურებული სოფლები, ასეულობითკილომეტრგამოვლილი ადამიანები... ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ არ მოსწყდე უმნიშვნელოვანესს.

    ქრისტე აღსდგა! მეც გილოცავთ ყველას და რადგან არ შეიძლება, აღდგომამ ამ ლექსის გარეშე ჩაიაროს, გიტოვებთ კარლოს :

    აღდგომა დასავლეთ საქართველოში

განა შესაძლებელია ადამიანს ისევე სძაგდეს თავისი სამშობლო,
როგორც დოსტოევსკის პერსონაჟს თავისი სატრფო...
ამ მაღალი,ხანგრძლივი წვიმების ქევშ,
როცა იხსენებ ციურ ლაზარეთში მწოლიარეთ.-
სასაფლაოზე გლეხები ღვინოს სვამენ ვიღაცის საფლავთან.
სადღაც რკინიგზასთან დაეხეტებიან სველი,მშიერი ძროხები
მონგრეული შლაგბაუმის გასწვრივ.
იქ,სადაც ბავშვების ხმამაღალი თამაშია
მოულოდნელი თან ბუნებრივი,
როგორც ყველა სხვა განურჩევლობა.
სოფლის ახალგაზრდა ექიმი არ ჩქარობს საწოლიდან წამოდგომას.
ბოლომდე ვერგამოღვიძებული თავლებით უყურებს
საძინებლის დაკეტილ კარებს:
ქვემოდან რაღაც ხმაური ისმის -
როგორც ყოველთვის,დედა უკვე მუშაობს სამზარეულოში,
როგორც თითქმის ყოველთვის
ამ აღდგომა დღესაც წვიმს -
და ძნელია სკამზე გადაკიდებულ სამოსამდე მიღწევა.
სასაფლაოზე კი წითელი კვერცხების ნაჭუჭები ყრია.
და სხვადასხვა დროს ჩამქრალი სანთლები ამკობენ
მიცვალებულთა მკაცრ ან მოღიმარე სახეებს
საფლავთა ქვებზე.


კარლო კაჭარავა❤

Sunday, March 11, 2018

"ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები"...


ერთხელ, წლების წინ, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მორიდებით მთხოვა, თუ შეგიძლია, ჩემი ბიჭი გოგოებთან ერთად დასვი ყოველთვისო და თავადვე განმიმარტა: გოგოებთან რომ მეგობრობს, ის ბიჭი, საერთოდ, კარგი ბიჭია და თანაც ეგებ წერას დაუდოს გული გოგოების შემხედვარემო. მართლა არსებობს სტერეოტიპი, რომ ბიჭებს წერა არ უყვართ და არა მხოლოდ ბიჭებს:
"ოღონდ წერა არ უთხრა და"... "წერა არ უყვარს, არ ვიცი, რა ვუყო"... "ეს და წერა ვერა და ვერ მორიგდნენ"... - ასეთი ფრაზები ხშირად გაისმის ხოლმე მშობლებისგან და რამდენჯერაც გავიგებ მსგავს რამეს, ასე მგონია, გულზე შემოჭდობილ მარწუხს, რომელიც მოშვებული იყო, ვიღაცამ ისევ წაუჭირა.

ველოსიპედი უკვე აღმოჩენილია და წერის სწავლების სტრატეგიებზე მასალა ინტერნეტსივრცეშიც ბლომად მოიპოვება. მე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის (თითქმის) დავიწყებულ სიტკბოს შეგახსენებთ. ეგებ მართლა გაგინელდათ და მიგავიწყდათ ან ეგებ "მესენჯერებისა" თუ "სკაიპის" მსგავსი მომსახურებებით სავსე სამყაროში არც ისე მნიშვნელოვნად ჩათვალოთ გაქრობის აღმართს შემდგარი ვნება წერილების წერისა, ან ეგებ სულაც იცით და გიყვართ, მაგრამ დაღლილებს სმს-ის გაგზავნა გირჩევნიათ მაინც, არ ვიცი.
მე, უბრალოდ, შეგახსენებთ, მოკრძალებით და მოწიწებით - ხანდახან დაბრძანდით ანდერძის წერად და წერეთ უსტრები ფურცლებზე. შეეხეთ ხელით ჯერ კალამს ("ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნაღველსა ამონაწები"...), შემდეგ გადაატარეთ იგი ქათქათა სივრცეზე და თქვენი ხელით გამოსახეთ უმშვენიერესი ასოები. სულ ერთია, ლამაზად წერთ თუ არც ისე ლამაზად. იღვაწეთ, ისაუბრეთ ქაღალდზე, საუკუნეების სუნთქვა იგრძენით. შვებას მოიტანს სწორ ხაზზე მიჯრით მიწყობილი, დარაზმული სიტყვები. მისწერეთ შვილებს, თუ რა დამღლელი იყო სამსახური, როგორ მოგენატრათ სახლი და საღამოს იდილია. მისწერეთ, როგორ გენატრებათ ბავშვობა, სოფელში გატარებული ზაფხული, ბებიას ხის სახლი და ნაოჭებში ჩაკარგული ღიმილი. დაწერეთ, როგორ გინდოდათ გეყიდათ დიდი ხის ცხენი ან 80 000 კილომეტრი გაგევლოთ კაპიტან ნემოსთან ერთად, როგორ დაგწყვიტათ გული ოდესღაც მურიას სიკვდილმა ან როგორ გეწყინათ, ბეწვის ხიდი რომ წყალმა წაიღო და მერე რკინის წამოჭიმეს მის ნაცვლად. უბრალოდ, რამე დაწერეთ და ისე დაწერეთ, გულიანად, რომ ადრესატსაც მოუნდეს, გიპასუხოთ.
შვილს, მოსწავლეს, მეზობელს, დისშვილს, ძმიშვილს, სულერთია, მისწერეთ ბავშვებს წერილები!..
მერე რუდუნებით ჩადეთ კონვერტში. მისი გახსნა და წერილის წაკითხვის მოლოდინის სიხარული და სიამოვნება ასწავლეთ. ან ბალიშის ქვეშ ამოუდეთ, ან ჩანთაში ჩაუდეთ, ან ჯიბეში და მერე გულის საოცარი ფანცქალით დაელოდეთ შედეგს.
ოღონდ ასე ხშირად მოიქეცით და ეს ჩამწკრივებული ჯარისკაცები აუცილებლად მიაღწევენ გულის კარიბჭემდე, შელაგდებიან მასში, ხან ქაოსურად, ხან მწყობრად და დაიპყრობენ იქაურობას.

ოდესღაც სწორედ წერილები დამეხმარა იმაში, რომ ბავშვებს წერა არ დაზარებოდათ. ძალიან დამეხმარა. მაქვს ორი დიდი ყუთი წერილებისა და ბარათების და რა არ წერია იქ: "მასწავლებელო, ბუფეტში ბევრი ხალხია"... "ისე მიყვარხართ, როგორც ასტრიდ ლინდგრენი"... " 100000000000 წელს მინდა რომ იცოცხლოთ"... "მას, მიყვარს, რომ იცინით"... ""მას, მე ვიცი სად ცხოვრობთ"... - ასეთი პატარა წერილებით დაიწყო. ასაკის მატებასთან ერთად იმატა უსტართა სიდიდემ, სიღრმემ. ზოგი მათგანი მთელი რვეულია. კლასში ახლა ნესტანის წერილებსაც ვარაკრაკებთ. შემოგვესწავლა კითხვა-კითხვაში. მეც ვწერ ხოლმე მათ. მეტწილად ისინი - მე და ნეტა სულ ასე იქნებოდეს. ხელნაწერი რომ ბევრ რამეს ინახავს, ამას ნელ-ნელა ხვდებიან და უფრო მეტად იგრძნობენ მერე და მერეც. დავთქვით, რომ ოდესმე ხელნაწერთა მუზეუმში ერთად წავალთ და იქ ვნახავთ იმათ ხელნაწერებს, ვინც გვიყვარს, ვინც მოგვიტანა აქამდე ეს ენა და ეს ანბანი, დიდი თავგანწირვის ფასად.

ჩემი არქივი უფრო და უფრო გამდიდრდება და თუ დავბერდები, ვიცი, რა იქნება ყველაზე საყვარელი საქმიანობა.

მიყვარს, ბავშვებო, თქვენი მონაღვაწები. 

Monday, February 5, 2018

აქა ამბავი იმისა, თუ რატომ არის კარგი ამბავთა მბობა



ეს ამბავი ასე უნდა იწყებოდეს - იყო და არა იყო რა - და ასეც დავიწყებ:
იყო და არა იყო რა, იყო ერთი სკოლა და ამ სკოლის 1-ლი კლასი 2012 წლის სექტემბერში მე ჩამაბარეს. ეს, საერთოდაც, კია ვრცელი ამბავი, მაგრამ ამჯერად სჯობს, მოკლედ ითქვას.
როგორც იქნა, რამდენიმე წლის ნატვრის შემდეგ სკოლამ მიხმო და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თან ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც ალბათ ოკეანეში ერთი ფიცრისამარა მყოფს ექნებოდა. ვაითუ, ვერ შევძლო, ვაითუ, არ შემიყვარონ, ვაითუ არ გამომივიდეს... არ უჩანდა ბოლო "ვაითუებს".
რამდენი ღელვა, ცრემლი და ფორიაქი გამოვიარე იმ პირველ წელიწადს, დიდ სიყვარულთან და სიხარულთან ერთად, ეს მხოლოდ მე ვიცი.
უამრავი მაქვს მოსაყოლი. არ მინდა რამე გამომრჩეს და ძალიან მინდა, უგულოდ არ წაიკითხოთ ეს ამბები. პოსტიდან მორიგ პოსტამდე დიდი დრო გავიდა. სკოლა ჩემი განუყოფელი ნაწილია, კვირაში 5 დღეს იქ ვატარებ, შვიდივე დღე ამითაა სავსე, გამუდმებით და განა ამბები გამომელია, უბრალოდ... გამბედაობას ვიკრებ ახლა და მორიგ ამბავს დავიწყებ. უფრო სწორედ, ეს ამბავი 5 წლის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. აქ მხოლოდ დასაწყისია...

მეორე სემესტრი არც ისე დიდი ხნის დაწყებული იყო, თებერვლის ოდნავ ცივი დარი იდგა და ჩემი 26 პირველკლასელი წიწილა გარეთ გამოვიყვანე. ბაღის მხარეს ორი დაბალი, გრძელი სკამი იდგა და იქ ჩამოვსხი ყველა ცოტაოდენი სეირნობის შემდეგ და ვინაიდან მაშინაც ძალიან უყვარდათ ჩემი მოყოლილი ამბების მოსმენა (ამ ბედნიერებაზე ოდესმე ცალკე მოგითხრობთ), ეზოში კი განსაკუთრებით მოსწონდათ ეს საქმე, იმჯერადაც შემიპირეს, მაას, მოგვიყევითო, რა, რამე.
აი, ამ მუდარით ნათქვამ "მასს" გავიგებ და... გული ისე იძეძგება სიყვარულით და მერე სისხლს ისე მიაქვს ეს სიყვარული ყველა უჯრედში, რომ ხშირად მიკვირს, როგორ ვუძლებ ამას.
იმჯერადაც დავფიქრდი. სექტემბრიდან მოყოლებული ზღაპრები, რომლებიც კარგად მახსოვდა, რომ შემომელია, გადავედი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებზე. ხან ლინდგრენიდან მოვყვებოდი ეპიზოდებს, ხან ჯანი როდარიდან, ხან კიპლინგიდან, ხან ილიას და ვაჟას მივადგებოდი, მოკლედ, რაც გამახსენდებოდა. მერე დონ კიხოტის ბრძოლებზე გადავედი, ჟან ვალჟანის სიკეთეც არ დამვიწყებია, გრაფ მონტე-კრისტოსა და ფარიაზეც კი ვილაპარაკეთ და იფის ჯურღმულებშიც შევიჭყიტეთ, მათ ენაზე, მათთვის გასაგებად და საინტერესოდ, ესმერალდას და კვაზიმოდოს ამბავიც მოგვეწონა და ა.შ.
და თებერვლის ერთ (იმ) მშვენიერ დღეს უცებ მოსაყოლი ვერფერი გავიხსენე და ლამის მექანიკურად, ამაზე უკეთეს ზღაპარს მაინც რას მოვყვები-მეთქი, დავიწყე: - ბავშვებო, დღეს ვიწყებ საოცარი ამბის მოყოლას... - ხმა როცა მითრთის, მათი მზერა სულ სხვანაირია და 26 წყვილი თვალი რომ მოლოდინით მომაჩერდა, მთელი გულით განვაგრძე,- იყო ერთი ასეთი ქვეყანა - არაბეთი, რომელშიც ცხოვრობდა ძალიან კეთილი, სამართლიანი და ძლიერი მეფე როსტევანი და ერთხელ...

სწორედ ასე დაიწყო რუსთველური ოდისეის ამბავი. მეც კი არ მჯეროდა, რომ გავბედე, შევბედე, დავიწყე... მთელი ძალით, გულით, სულით ვყვებოდი, თან განვმარტავდი, ვხსნიდი რაღაცებს, ხან დამჯდარი, ხან ფეხზე წამომდგარი, ხან განვასახიერებდი, ხან გაშეშებული ვყოვნდებოდი, რომ მათაც ამოესუნთქათ და მეც. ლუკმა-ლუკმა ვუღეჭავდი "ვეფხისტყაოსნის" ძირითად ისტორიებს, შიგადაშიგ ვურთავდი ფრაზებს ტექსტიდან, ვიმეორებდი მათ თვალდახუჭულადაც კი, გაბმით, სიმღერასავით, რომ ეგრძნოთ მუსიკა, მიეჩვიათ ყური... მთელი გრძნობით ვხატავდი შუა საუკუნეების მოგზაურობისა თუ სხვა რამეების შესახებ, რომ უკეთ ეგრძნოთ და წარმოედგინათ... და ამბავს ვწყვეტდი ისეთ ადგილას, აი, ერთი სული რომ გაქვს, გაიგო, რა მოხდება. აბა... 12 მონა რომ მიუგზავნეს... დანა რომ მიადო ასმათს, დევების განძი რომ ჩაიგდო ხელთ და სკივრი რომ გახსნა და... ქაჯეთს რომ მიადგნენ და... ა.შ.

არ მახსოვს, რამდენ მოყოლად დავყავი მთელი შინაარსი. მაშინ არ მეგონა, თუ ეს ასეთ დიდ სიყვარულში გადაიზრდებოდა და ფოტოც კი არ გადამიღია ამ თვალებადქცეული პატარებისათვის, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ, როცა ამბავს ვწყვეტდი: აუ, მააას, გააგრძელეთ, რაა!.. (აქ მე ცრემლებს ახლაც ვერ ვიკავებ. ალბათ უკვე ვბერდები და გული წარამარა მიჩუყდება). "მას, გთხოვთ!" - ეს გოგოები მთხოვენ უფრო თამამად და სული მძვრება, ისე მინდა გავაგრძელო, მაგრამ არა, სოფო, ელოდონ, ტკბილი მოლოდინია, შეიყვარონ უფრო, - ასე ვაჩერებდი სოფო მასს.
კულმინაცია ის იყო, როცა ჩემმა 6 წლის შვილმა, რომელიც ამავე კლასში სწავლობდა/სწავლობს, შაბათ დილით, გულმოდგინედ რომ ვცდილობდი ბოლომდე შეეჭამა კარაქიანი პურის ნაჭერი, უცებ მკითხა:
- დე, ვიცი, შენ არ მომიყვები, მარა მარტო ის მითხარი, რა, იპოვის?
ტარიელის მიერ ნესტანის პოვნაზე მეკითხებოდა.
და რა ვთქვა, როგორი განცდა დამეუფლა მაშინ. ვიტირე სიხარულით. რაც არ უნდა ვთქვა, მაინც ბედნიერება ჰქვია იმ განცდას. კარაქიანი პურის ნაჭრით ხელში ვიცინოდი ცრემლმორეული და მოთმინებისკენ მოვუწოდებდი სანდროს.

ასე შევდგით ფეხი სავეფხისტყაოსნეთში და როცა მთავარი პერსონაჟების სახელების წარმოთქმას ერთმანეთს არ აცლიდნენ და აციმციმებული თვალებით უყურებდნენ ჩემს სიხარულს, მე გულში ვლოცავდი ყველას, რუსთაველს, გადამწერებს, მესტამბეებს, იმათაც, ვინც მე რუსთველი შემაყვარა (დედას და ჩემს ასმათ მასწავლებელს), ვინც სკოლა შემაყვარა, ვინც საერთოდ სკოლა მოიგონა, ვინც მიმიღო და კლასი მომაბარა და ა.შ. და მახსენდებოდა ჩემი ბებია და ბაბუა, ძილის წინ რომ სკოლაზე ლაპარაკობდნენ ტკბილად, სიმღერასავით , არადა, კარგა რამდენიმე წლის მიტოვებული ჰქონდათ თავიანთი საყვარელი საქმე და მაინც ამით ცოცხლობდნენ, იქ ტრიალებდნენ ისევ გულით, ფიქრით და სანამ ძილს მისცემდნენ თავს, ერთხელ მაინც გაიჟღერებდა - „გახსოვს“... და აუცილებლად სკოლას ფურცლავდა მათი სასწულად მზრუნველი და მოყვარული გონება და გულები.
ბებია წელიწადზე მეტია, აღარაა და ახლაც, როცა რაღაც კარგი ხდება სკოლაში, თუნდაც წვრილმანი იყოს, გავიფიქრებ, ეს აუცილებლად უნდა მოვუყვე ბებიას-მეთქი და მერე მახსენდება, რომ ცოცხალი არაა. ამ ამბის ნაწილის მოყოლა მოვასწარი. გავახარე ♡. ისიც მოვუყევი, გაგანია თხრობაში ვარ, ვყვები, რომ ავთანდილი ორი დღე და ღამე მისდევდა უცხო მოყმეს, ხატაელი ძმებისგან დაკვალიანებული. წყალი, ტყე, ღრე, კლდე, რა აღარ გაიარა იმ ორ დღეში, ცხენიდან არ ჩამომხდარა-მეთქი და უცებ გაისმის კითხვა:
- მაას, საჭირო ოთახში არ შესულა?
დათო იყო თუ რაული, არ მახსოვს. ვიცინეთ.
"სი ქგგალუ სქანი ბებიქ, " - მითხრა მაშინ ბებიამ.

დღეს ეს იყო. შემდგომში გიამბობთ ამბავს იმისა, თუ როგორ გაგრძელდა ჩვენი რუსთველიადა.
ყველას მადლობა, ვისაც ჩემსავით აუჩუყდა გული :)).