Sunday, October 31, 2021

პროფესია - მამა

   
     
  რაც წლები გადის, მეტად და მეტად თვალსაჩინოვდება, რა რთულია მშობლობა. მით უფრო, იყო კარგი მშობელი. 
    იყო დრო, ამაზე არც ვფიქრობდი, ან ვფიქრობდი მხოლოდ პროტესტით, თინეიჯერული მწვავე პრეტენზიით და ხშირად არც კი მომდიოდა აზრად  მშობლის მდგომარეობის გათვალისწინება. იყო წლები, როცა განუზომლად ვბრაზობდი სადმე არგაშვებაზე, ნებისმიერი რამის აკრძალვასა და განსაკუთრებით კი 

 “ძილის დროაზე“,  არადა, ვიცოდი, გოგი გვახარია სწორედ მაშინ იწყებდა კინოს ჯადოსნურ სამყაროში მაყურებლის მიწვევას და ისიც ზუსტად მომეხსენებოდა, რომ იმ მართლა ჯადოსნურ სამყაროში ჩვეულებრივი არასოდეს არაფერი იყო არც ჩემთვის და არც კინოზე გაგიჟებული მამაჩემისათვის, რომლის მიერ წარმოთქმული „არაა ეს საშენო კინო, მამიკო“ ლამის ახლაც მიკლავს გულს.   

 ასე რომ, ეს წერილი მამაჩემზეა, მამობაზე. მამობაზე 90-იან წლებში. მამობაზე ზოგადად და ჩემი დაბადებიდან დღემდე. შესაბამისად, წერილი სიმოკლით თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ არც ზედმეტად ვრცელი იქნება, რადგან მის დამწერს გააზრებული აქვს თანამედროვე ყოფის უცნაურობანი, თანაც ესმის, რომ ყველასაგან არა ჯერ არს გრძლად „თქმა და ხევა“.
   ასე რომ, ვწერ მამაზე. პირველად. 

   როცა მე  ჯერაც მთლად თოთო ვიყავი, მამამ ერთთვიანი შვებულება აიღო და დედაჩემის სამსახურიდან მოსვლამდე გულმოდგინედ მივლიდა. დედას ზეპირად ახსოვს იმ მოსაფერებელ სიტყვათა მთელი კასკადი, რასაც ის იგონებდა.  ისიც, როცა ერთხელ, ოთხდღიანი შინარყოფნის შემდეგ, ესოდენ „დიდი“ რომ დავხვდი, რა სიტყვებით გაიხარა. 
     და ასეთი მილიონი  პატარა დიდი ამბავი. 

მამამ ბევრი მოფერება იცოდა და ახლაც იცის, უბრალოდ ის ჩემს შვილებზე გადაამისამართა და როცა მათ მოსაფერებელ სიტყვებს ეუბნება, ამავდროულად მეც მეკუთვნის თითოეული მათგანი. 

   მამას თქმით, სამი თვის ვყოფილვარ, ეთერის არიას რომ ჩამირთავდა, ფრაგმენტისას - „დედინაცვალი, თვალში ნაცარი“ - გულმოდგინედ ვიწყებდი თურმე ტირილს. დღემდე ენითაუწერლად მიყვარს „აბესალომ და ეთერი“ და ახლაც ცრემლების ღვარღვარით ვუსმენ. 
    1981 წლის  13 მაისის მატჩის საყურებლად, როცა მე სულ რაღაც 5 თვის ვიყავი, მას ახალი ტელევიზორი უყიდია.  ამის გამო მიყვარს ამ დღეზე საუბარი დღესაც. 

   ზამთარში მას მე „ბუხარს“ ვეძახდი და მასთან არასოდეს მციოდა. დედას პატარა რომ ეყოლა, ჯერ - ერთი, მერე - მეორე და მესამეც, მე არასოდეს მიგრძვნია ან უყურადღებობა, ან სიყვარულის ნაკლებობა. მიყვარდა მამასთან სამსახურში მისვლა და ყოველთვის მომწონდა, რომ ის ყველა ადამიანთან ერთნაირად უბრალოა, თან მნიშვნელოვანი და სამართლიანია ყველგან, სადაც არის. 
 

მე ყოველთვის მიხაროდა, როცა მის შვილად მომიხსენიებდნენ ან წარმადგენდნენ. დღემდე ასე ვარ. 
  1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, როცა ჩემი უმცროსი და დაიბადა, ოჯახის ნაბოლარა წევრი, მამამ მე და ეკა რეფერენდუმზე წაგვიყვანა და აგვიხსნა, რომ ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ მივდივართ იქ და თუმცა კარგად არ მესმოდა ყველაფერი, 10 წლის ვიყავი, მთელი გულით ვგრძნობდი მის სიხარულს, იმედს, სიამაყეს და ბედნიერებას და დღემდე ამ განცდით სავსე მივდივარ საარჩევნო ყუთთან. 

 როცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მამამაც, ოთხი შვილის მამამ, დაუმოროჩილებლობა გამოუცხადა უკანონო ხელისუფლებას, სიდუხჭირესა და შიშში ის დღიურებს წერდა და სულ მაინტერესებდა, რა ეწერა ამ იდუმალ წითელ ბლოკნოტში. მაშინ მამა სახლში იყო სულ. ან წიგნით ხელში, ან ფირსაკრავთან, გულმოდგინედ შერჩეული მარიო ლანცას სიმღერებით გარშემორტყმული. 


 როცა მამა იძულებული გახდა, ლუკმაპურისათვის გადახვეწილიყო, ჩვენ მას ფირზე ჩაწერილ ჩვენს საუბრებს ვუგზავნიდით და თურმე ის მათ საათობით უსმენდა და ტიროდა. იქ ის ორ წელიწადს ძლივს გაჩერდა და ჩამოვიდა სტრესით გამოწვეული დაავადებით, რომელმაც კი ჩაიარა, მაგრამ ბევრი ნერვიულობა ახლდა თან ამას. 

    ჩამოსვლის შემდეგ იყო მძიმე წლები, დუხჭირი და ბნელი და ის მაინც ახერხებდა, ოპერა შეეყვარებინა ჩვენთვის. ის ყოველთვის ახერხებდა ფირფიტების მართლა ჯადოსნური კოლექციიდან გილესის მიერ შესრულებული ნაწარმოებებით დაეფარა იმ წლების უღიმღამობა და უიმედობა. 

 მის მიერ უფაქიზესი მოძრაობით გაწმენდილი ბიზეს „კარმენის“ ვინილიდან რაც იღვრებოდა, დღესაც მატირებს. 
 მე ახლა 40 წლის ვარ, თავად ვარ მშობელი. თითქოს ათასჯერ მეტი საშუალება მაქვს იმისათვის, რომ მეტი შევძლო, ვიდრე მან 1980 წლიდან დღემდე… მაგრამ ვერა. ვერც კი მივუახლოვდი.

მე მაქვს „იუთუბი“ და საერთოდ, ინტერნეტი, მამას არაფერი ჰქონდა თითქმის, მაგრამ მან შეძლო, გვყვარებოდა ბალეტი. უნახავად შეგვაყვარა, მისვლამდე, ნახვამდე. შეგვაყვარა იცით საიდან? ბილეთისსაყიდლად წასვლის, ყიდვის სიამოვნებიდან … პალტოს გასახდელში ჩაბარების ჩათვლით… ყველა დეტალის გათვალისწინებით…       

მეგობრებთან ერთად მამამ მოახერხა და იმ ბნელ წლებში „საკვირაო სკოლაში“ საოცარ შეხვედრებს გვჩუქნიდა . ალბათ საუკეთესო, დიდი საკონცერტო დარბაზები ცოცხალი მუსიკით ვერ ჩამინაცვლებს იმ დღეებს, ძლივს ოდნავ გამთბარ დარნაზში რომ ვუსმენდით, ვუყურებდით… ძლივს შეკოწიწებული ტელევიზორითა და მაგნიტოფონით - რას და ვის აღარ… ისეთი გვარები ენაცვლებოდა ერთმანეთს: ფელინი, ვისკონტი, პაზოლინი… ველასკესი, გოია, მონე… მოცარტი, ვაგნერი, ვერდი, როსინი… 



 მამამ და მისმა მეგობრებმა პატარა რაიონს უმძიმეს წლებში საოცარი გამოფენა აჩუქეს ფერწერული ტილოების, ნამდვილი, საოცარი გამოფენა და ეს ცალკე დიდი ისტორიაა.       ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით, ვკამათობდით. ახლაც. მაგრამ მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი და არასდროს უკვირდა ჩემი რომელიმე წარმატება. 

 მამას მარტოხელა მოხუცებთან დახმარების დასარიგებლად დავყავდი. მასთან ერთად პატარა ბოსტანი მქონდა, საკუთარი იარაღებით. ჩვენ დასასვენებლადაც ერთად დავდიოდით, სანამ ეს შესაძლებელი იყო.
 მე ისე მიყვარს ლიტერატურა, კინო და მუსიკა, როგორც მას. 

   მისგან გადმომედო პროტესტის გამოხატვის უნარი და კიდევ ბევრი რამ. თუმცა იმდენი არა, რამდენიც მას აქვს. 
   მე გამიმართლა. ჩემი მშობლები არასოდეს ყოფილან კაცთმოძულეები,  ქსენოფობები, არ არიან ჰომოფობები, არასოდეს იყვნენ შეპყრობილნი რელიგიური რადიკალიზმით და საერთოდაც,  ვიზრდებოდი ადამიანებთან, რომლებიც თვლიდნენ, რომ ადამიანი მთავარია, კარგი მოქალაქე იყოს და რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს გარშემო მყოფი ადამიანებისათვის. 



   2003 წლის ნოემბერში, ღამით, გვიან, მამა მე სახლში მიშვებდა და თვითონ ათევდა ღამეს, სციოდა, ხშირად შიოდა, მაგრამ იქ იდგა, რადგან სჯეროდა, რომ ეს მისი მოქალაქეობრივი ვალი იყო. 
 ახლა, როცა სახლშია მეტწილად და ბაღჩას უვლის, ზუსტად ვიცი, წამი არაა ისეთი, საქყვეყნო სატკივარზე არ ფიქრობდეს. 
 ჩვენ სახლში ყოველთვის დიდი მოწიწებით გვქონდა გამოფენილი ორივე დროშა დამოუკიდებელი საქართველოსი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ზვიად გამსახურდიასა და ვიტალი დარასელიას ფოტოები და არასოდეს ყოფილა წამი, არ გვცოდნოდეს, ვინ ოკუპანტია და ვინ - არა, ვინ მტერია და ვინ - მოყვარე. 
  უამრავი კარგი რამ გაუკეთებია მამას. ბევრზე ბევრი. ბოლოს და ბოლოს, მან დედა მოძებნა და შეირთო. მაგრამ ეს ცალკე მოსათხრობი ამბავია. 


  სანამ ქვეყანა გადატრიალდებოდა, მამამ ფილმი გადაიღო, „ვუშველოთ ჭანისწყალს“, ასე ერქვა ფილმს. მდინარე და ტყეც ისე აწუხებდა, როგორც სხვა ბევრი რამ.
  მას შეეძლო მეგობართან ერთად მთელი ღამე მდინარეზე ემორიგევა ქვირითყრის დროს, რათა ბრაკონიერებს მაშინ არ დაეჭირათ თევზები. 
   მას შეეძლო პურის ქარხანაში გაეთია ღამე, რათა უკანონოდ და ურიგოდ არ გაცემულიყო არცერთი ცალი და  მომლოდინე საკუთარი შვილებისათვის ყველაზე ბოლოს მიეტანა პური. 
   მას გვერდით ის ადამიანი ჰყავდა, ვისაც ეს ყველაფერი უმძიმდა, მაგრამ ესმოდა. ზუსტად და კარგად ესმოდა. 


   მამას ფოტოების გადაღება უყვარდა და დღემდე უყვარს. ოდესღაც ის თავად ამჟღავნებდა მათ და მე ძალიან მიყვარდა იმის ყურება, როგორ ჩნდებოდა ცარიელ, პრიალა თეთრ  ქაღალდზე საოცარი გამოსახულებები. მას ფოტოგრაფობაც კარგად გამოსდიოდა და გამოსდის. ძალიან მიყვარს მისი გადაღებული ფოტოები, განსაკუთრებით - შავ-თეთრი. 

   ჩვენ, მე და მამაჩემი, მგრძნობიარე, თან ხმაურიანი და აქტიურობის მოყვარე ადამიანები ვართ. თუმცა მე მასთან ვერ მივალ. მას შეუძლია საოკუპაციო ხაზთან რომ სკოლაა, იქ იაროს და ხელოვნების გაკვეთილები ატაროს. 
 იმ დუხჭირ წლებში ის ახერხებდა ქუთაისში წავეყვანეთ საოპერო წარმოდგენის საყურებლად და ისიც შეძლო, წალენჯიაში ჩამოეყვანა კამერული ორკესტრი და კონცერტს დავსწრებოდით. 

    ღმერთო, მაშინ ეს ყველაფერი  ჩვეულებრივი მეგონა. ახლა ვხედავ, ეს კოსმოსში გაფრენაზე მეტია. 
   ის ზუსტად გრძნობს ქვეყნის მაჯისცემას. მას ყოველთვის მთელი გულით და გონებით აწუხებს ყოველი გასაჭირი, რაც ჩვენს ქვეყანას ადგას. 
   მან ზუსტად იცის, რა არის საჭირო. 
 იმ ბნელ წლებში ის ბეთჰოვენს გვასმენინებდა და კინოკლასიკას გვაზიარებდა. ლიტერატურაზე გველაპარაკებოდა, ფილოსოფიასა და ესთეტიკაზე. ღირებულებებსა და იდეალებზე. 
    ასე კარგად ეს მე ვერასოდეს შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტს ჯიბით დავატარებ. 

   და კიდევ უამრავი რამ ვერ შევძელი, რასაც ის მუდმივად აკეთებდა.
 

      მამა დიდებული ადამიანია. 

   პირველად რომ თმა შევიღებე, მას ეწყინა, რადგან უწინდებურად ძალიან აღარ ვგავდი. 
   მე ისიც კი მიყვარს, რომ ჩემს შვილს მისი ფერის თმა აქვს, უყვარს მასთან ერთად საფეხბურთო  მატჩის ყურება და ორივეს ერთად უყვარს მესი და „ბარსა“. 
      მამამ მასწავლა, რომ ყველა საჩუქარი, რომელსაც ჩუქნი, ისეთი კარგი უნდა იყოს, ცოტათი გენანებოდეს. რომ ყველა ნაძირალაა, ვინც ქვეყანას მიზანმიმართულად ვნებს. რომ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. 

    მასწავლა, რომ  მოვიკლო საჭმელი, ტანსაცმელი და თეატრის  ბილეთი ვიყიდო... რომ თუ რამე ძალიან მომწონს, ყველას გავუზიარო. 
    რომ უნდა მქონდეს საკუთარი  ოთახი,  მაგიდა, წიგნები. 
    რომ ხშირად უნდა ვუსმენდე მუსიკას, ვუყურო ნახატებს, ვნახო ბევრი კარგი ფილმი. 
    რომ ბევრი რამ უანგაროდ თუ არ აკეთე, არაფერი გამოვა. 
    რომ მიყვარდეს ქვეყანა, ადამიანები და ვინც მინდა ის ვიყო, ოღონდ ბედნიერი ვიყო და ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს. 
     








P.S.  მადლობა მაიას, ნათიას ნანას და მათ პირმშო სახელმძღვანელოს, რომელშიც ისეთი დავალებებია მოცემული, მაიძულებს ვთქვა ყველაფერი, რისი თქმაც წლებია მსურს და სულ ვწერო, ვწერო ჩემს მოსწავლეებთან ერთად  (მათ ნაშრომებს ცალკე დავდებ)...  მადლობა, გოგოებო!   <3  

Tuesday, April 20, 2021

„CinéDOC - school“ - საუკეთესო შესაძლებლობა

                                    


   

     სასკოლო ცხოვრების აუცილებელი  ნაწილი კინო რომ უნდა იყოს, ეს მეტ-ნაკლებად ყველამ იცის. მაგრამ საქმე ისაა, ვინ რამდენად აქცია კინო სასიამოვნო, სახალისო, ან, როგორც კინოკლუბში ვამბობთ ხოლმე, „სასწაულ“ რესურსად.  ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში ხშირად შეხვდებით მითითებას, რომ ვნახოთ ესა თუ ის ფილმი. რა თქმა უნდა, მასწავლებელს აქვს უფლება, ევალება კიდეც, ხშირად ჩაატაროს კინოჩვენება, მოაწყოს საუბრები ნანახის შესახებ, კარგი ფილმის ნახვის შემდეგ შიძლება დავწეროთ ესე, რეცენზია, შევქმნათ შთაბეჭდილებების ალბომი, მოვაწყოთ მცირე გამოფენა ფილმის მიხედვით, წამოვჭრათ სადისკუსიო


საკითხები, დავხატოთ კადრები, მოვაწყოთ კინოვიქტორინა, გადავიღოთ რომელიმე ეპიზოდის ჩვენეული ვერსია, ვისაუბროთ კინოში გამოყენებულ მუსიკაზე, ოპერატორულ ან სამახიობო ოსტატობაზე, ხერხებზე, რომელსაც იყენებს კინო, შევადაროთ კინო ხელოვნების სხვა ჟანრებს, ერთად დავაკვირდეთ დეტალებს, გავავარჯიშოთ „კინოთვალი“  და ა.შ. დიდი ბედნიერებაა, სადაც ამას ახერხებენ მოსწავლეები და მასწავლებლები, იქნება ეს არაფორმალური თუ ფორმალური სახის შეხვედრები. მით უფრო, როცა კინოთეატრის ფუფუნება მუნიციპალიტეტებს არ აქვთ.  

            ჰოდა, თუ ვინმე მეკინოვე კითხულობთ ამ წერილს და ჯერაც არ იცით  CinéDOC -  school“-ის შესახებ, გვიხარია, რომ ჩვენი კინოკლუბისგან გაიგებთ.  აქვე ბარემ გეტყვით, რომ „CinéDOC-Tbilisi“ არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. „CinéDOC-Tbilisi“ არის პირველი კინოფესტივალი საქართველოში, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe).


ფესტივალი 2013 წლიდან არსებობს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის შეხვედრებს ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. მთელი მსოფლიოდან მოწვეულები არიან დოკუმენტური კინოს პროფესიონალები, რომლებიც პროექტის განვითარების ფარგლებში სესიებსა და პრეზენტაციებში იღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული რეგიონული პლატფორმის წყალობით, მრავალი საინტერესო თანამშრომლობა შედგა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოკულტურის განვითარებას.  ყოველწლიურად იმართება საზაფხულო სკოლა, რომელიც შექმნილია სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი კინოპროფესიონალებისთვის.

  მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ფესტივალს აქვს საბავშვო-ახალგაზრდული მიმართულება, რომლითაც ჩვენი კინოკლუბი რამდენიმე წელია სარგებლობს - “CinéDOC-Young“ -  მის ფარგლებში იმართება ჩვენებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. გარდა იმისა, რომ პანდემიამდე თბილისში ვესწრებოდით საფესტივალო ჩვენებებს, რეგიონული მინიფესტივალის ჩხოროწყუში ჩატარებაც მოვახერხეთ (რანდენადაც პანდემიამ ამის საშუალება მოგვცა). ყოველი დღე „სინედოკთან“ ერთად მართლა დაუვიწყარი იყო კინოკლუბ „დუბლის“  წევრებისათვის.   

     


  
და ესეც არ არის ყველაფერი. „CinéDOC“ ისევ აგრძელებს თანამშრომლობას ამჯერად ყველა კინომოყვარულთან, თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს გვაქვს შესაძლებლობა კვირაში ერთხელ ონლაინფორმატით ერთად ვუყუროთ ფილმს და ერთადვე მოვაწყოთ განხილვა. საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება შვუერთდეთ კინოსეანსებს და ვისაუბროთ მრავალ საკითხზე. თემატიკა მრავალფეროვანია, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია რესურსია ყოველი ფილმი. დღეს იმდენს ვსაუბრობთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე,

ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს მთავარი პრობლემაა ჩვენი საზოგადოების და, ვფიქრობთ, კინო საუკეთესო წამალია, საუკეთესო მასწავლებელია თანაგრძნობის, დანახვის,  გაგების. ფილმები ნამდვილ ადამიანებზე მოგვითხრობენ, ისინი სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან თავიანთ ისტორიებს გვიყვებიან, მათ ამბებს გულგრილად ვერ ჩავუვლით, ეს ისტორიები შეიძლება დიდი ბიძგი იყოს ნებისმიერი ჩვენგანისათვის. 

თამამად შეიძლება ითქვას, ერთი ასეთი შეხვედრა შეიძლება ხსნა და შვება იყოს ბევრი ჩვენგანისათვის, რადგან საუბრები გულახდილია და თემატიკა მრავალფეროვანი. აქ რამდენიმე თაობა ხვდება ერთმანეთს, უამრავი ემოცია იყრის თავს. ჩვენ ერთად ვუყურებთ რა, ვსწავლობთ...

       რაღა ბევრი გავაგრძელოთ,  CinéDOC - school“ გელოდებათ ყოველ სამშაბათს, 20 საათზე! შეგიძლიათ მეგობრები და ოჯახის წევრები მოიწვიოთ ეკრანებთან, გაიცნოთ ადამიანები, გაუზიაროთ ემოციები მათ! 


        CinéDOC - school“ აერთიანებს!