Friday, September 14, 2018

სწავლა იწყება


     ჩავალაგე ჩანთა (მერამდენედ).  კაბაც გადავკიდე, ყვითელყვავილებიანი. თმაშიც მინდოდა, ყვავილი მქონოდა, მაგრამ ვერ ვნახე საჩემო ვერაფერი.
   რამდენიმე დღეა ვემზადები, ბავშვებო, თქვენთან შესახვედრად. გულში გამუდმებით მოგმართავთ ათასგვარი სიტყვებით და ყოველ ჯერზე ეს მიმართვა სხვანაირია. სულ გელაპარაკებით, გელაპარაკებით... განა მხოლოდ ახლა? არა. მთელი ეს არდადეგები ასე იყო. ყველაფერი, რაც მოვისმინე, წავიკითხე, ვნახე, თქვენ გაგიზიარეთ გუნებაშივე. თვალწინ მედექით. ის კი არადა, ზაფხულის ნამზეურიც კი გავითვალისწინე თქვენზე ფიქრებში.
     არდადეგები მიილია და აი, ორშაბათს სწავლა იწყება.  თქვენ როგორ შემეყრებით, ვიცი - მზიანი, ციმციმა თვალებით, მოლოდინით და სიყვარულით, გარუჯულები, წამოზრდილები, ლამაზები... მე რა ვქნა, როგორ დაგხვდეთ ისე, რომ ვთქვა ყველაფერი, რისი თქმაც მინდა? რომ მიხვდეთ, როგორ მიყვარხართ და როგორ მინდა, მეტი შევძლო, უფრო მეტი. როგორ მენატრებოდით და როგორ ვეცადე, სულ ოდნავ უკეთესი მაინც დაგბრუნებოდით ახალ სასწავლო წელს.
     რა გამომივა, არ ვიცი. დაგეგმილიდან რამდენს შევასრულებ და რამდენს ვერა, რამდენის მიტანას შევძლებ თქვენამდე, რას მოგაწონებთ და რას - ვერ, რამდენჯერ აგიბრჭყვიალდებათ თვალები გაკვეთილზე და რამდენჯერ არა, არ ვიცი და ვღელავ. მინდა ბევრი რამ ვიგრძნოთ ერთად. მინდა განვიცადოთ ტექსტები, ამბები, ფილმები. მინდა, წერა იყოს სიხარული და ბედნიერება. მინდა მოვუსმინოთ ბევრ კარგ რამეს, ვუყუროთ. მინდა, არ გვაღელვებდეს ეს ოხერი ქულები. მინდა ჩემი შეფასების კრიტერიუმი თქვენი სიყვარული იყოს და თქვენც მასწავლებლის სიტყვა უფრო გიხაროდეთ, ვიდრე ნიშნები. მინდა გვიყვარდეს ის, რასაც ვსწავლობთ და შეგვეძლოს სხვისი ტკივილის და სიხარულის დანახვა, გაზიარება და ხელის გაწვდენა. 
     მალე ზარსაც ჩამორეკავენ. ბედნიერი ყოფილიყოს!... მე მიყვარს მისი ხმა. მიყვარს ეს მერხები, თქვენ რომ მალე აახმაურებთ. მიყვარს ეს დაფა, ცარცი. რომ იცოდეთ, როგორ მიხარია, დაფასთან რომ ვდგავარ და სიტყვები გამომყავს. მიყვარს კლასის კედლები, აჭრელებული პლაკატებით, რუკებით, აფორიზმებით, ნახატებით. მიყვარს ჩვენი ჭრაჭუნა იატაკი და დიდი ფანჯარა. მიყვარს ეს ყველაფერი თქვენით და თქვენ გამო, მინდა, სულ მიყვარდეს და მინდა თქვენც მუდამ გიყვარდეთ, როგორც აქამდე. 
     ერთი სული მაქვს, როდის აჟრიამულდება ეს ყველაფერი. იცოდეთ, არავინაა თქვენზე ძვირფასი დუნიაზე.

ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. 📚♥️