Sunday, July 26, 2020

კინოსკოლის დღიურები





        პირველთავე არ იყო კინო.
  კინო მერე გაჩნდა. მერვე დღეს.
  (კინოს  სახარება, თავი 1, მუხლი 1. ) 

     ვის - როგორ, ეგებ ვინმეს - სულაც არა, მაგრამ მე პერიოდულად დამრევს ხოლმე ხელს მწარე ფიქრები, მიმძიმს და განვიცდი, რომ რამდენ რამეს ვერ ვახერხებ, ვერ გავწვდი ყველაფერს, რომ რასაც ვაკეთებ (ღმერთო, რა ხმამაღალი ნათქვამია), ისიც არაფერია და, საერთოდ, რისთვის ვარ, ვერაფერი შევძელი ჩემი არსებობით-მეთქი. არც ისე ადვილია ამაზე ფიქრი. გაცვეთილია, მაგრამ  ჩემთვის მაინც მარად ახალი და დამამძიმებელი. სამაგიეროდ...  წლებია ამ გულს ჩაბღაუჭებული საძაგელი სევდის უებარი წამალი ვიცი. 

      არა. ასე პირდაპირ ვერ გავამხელ რეცეპტს. ჯერ პატარა ამბავი უნდა მოისმინოთ. 

    არ მახსოვს წელი, დაახლოებით მე-8 კლასში ვიქნებოდი. ეს ის დრო იყო, როცა: "სანამ რამე კინო გადის, სულ ტელევიზორს უნდა უყურო?!." "კინო ერქვას და ყველაფრის ყურება შეიძლება?!".. "ჰაერი მაინც ჩაყლაპე, გადი მზეზე, მერამდენედ უნდა  ნახო ერთი და იგივე?!." - მსგავსი ფრაზები გაისმოდა ძალიან ხშირად ჩემი მისამართით (არადა, ჩემი მშობლები არაფრით ჩამომივარდებოდნენ ამ საქმეში, უბრალოდ, ჩემს ახლომხედველ თვალებს უფრთხილდებოდნენ)  და ერთხელაც, როცა დიდი ტელევიზორის ყურებაზე გარკვეული დროით  უარი განმიცხადეს, ისედაც ასტიგმატიზმიან თვალებს მთლად დაითხრიო, ავდექი და კიდევ უფრო თვალდასათხრელ, ერთ ბეწო შავ-თეთრ ტელევიზორში ჩუმად (ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა), იატაკქვეშ განვაგრძე ყურადღება. თავი გმირად წარმომედგინა და მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ტელევიზორი, რომელსაც, თუ არ მეშლება, ეწერე იუნოსტ (არ მაქვს რუსული შრიფტი) და რომელიც ძალიან პატარა იყო, ცუდად აჩვენებდა, არხიდან არხზე გადასართავი თითებს მტკენდა და სპილენძის თუ ალუმინის, არც მახსოვს, მავთული ხშირად ვერ ასრულებდა ანტენის მოვალეობას, ტელევიზორს, რომელსაც ეგზომ პატარა ეკრანი კი ჰქონდა, მაგრამ ტყვიასავით მძიმე იყო, მე მაინც დიდი რუდუნებით მივჩერებოდი პატარა, კვადრატულ ეკრანს, რომლის მიღმაც  უამრავი ჩემთვის გაურკვეველი დანიშნულების მოღუღუნე ნაწილი იყო  და ველოდებოდი ცის გახსნას:  აბა, რა დაიწყება... 

    ჰოდა, ერთხელ მართლა გაიხსნა ცა. ამ ჩვენმა ძველმა საბჭოთა პაწაწინა შავ-თეთრმა ტელევიზორმა, რომელიც, ასე მეგონა, მხოლოდ პირადად ჩემთვის უჩვენებდა ფილმებს, ტელევიზორმა, რომლის წინ ბევრი ცრემლი მიღვრია და შვიდჯერაც კი მიყურებია ერთი და იმავე ფილმისათვის (სად იყო ასარჩევად), რომელიც წლების შემდეგ მამამ გააჩუქა, დაგაბრმავებთ ამის ყურებაო,  აი ამ პატარა ჯადოსნურმა ყუთმა კაპრას   "ეს მშვენიერი ცხოვრება" მაჩუქა. 

       თქვენ რომ ზუსტად იცოდეთ, რა პირობებში ვუყურე...  ახლა, ამ ეიჩდისა და ფულ ეიჩდის და კიდევ ათასნაირ სამ დე სამყაროში,  იმ ეკრანზე ფილმის ყურება მართლა გმირობად მეჩვენება. ეს ისედაც პატარა ეკრანი ხან ორად გაიყოფოდა, ხან - სამად, ხან - ვერტიკალურად და ხან - ჰორიზონტალურად. გამოსახულებები ხან გაორდებოდა, ხან გასამდებოდა, ხან ნეგატივის მსგავსი იყო და ხან ისე გათეთრდებოდა, მხოლოდ ვუსმენდი (მოსმენილი ფილმების მთელი წყება მქონდა. ეგ კიდევ ცალკე ამბავია).  იატაკზე ვიწექი (როგორ მიყვარდა ასე ყურება, კითხვა, მოსმენა) და პერიოდულად ვცდილობდი, იმ საცოდავი "ანტენისათვის" ხელსაყრელი წერტილი მომეძებნა როგორმე. მართალია, ეს წერტილი რამდენიმე წუთით გაასწორებდა მხოლოდ გამოსახულებას, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი და მადლობას ვუხდიდი კინოს ანგელოზს, რომ საერთოდ შევძელი ყურება რაღაც ასეთის. 
       ერთი სიტყვით, ასეთ რთულ  ექსტრემალურ ვითარებაში დაბინავდა ჩემს ცხოვრებაში ჯორჯ ბეილის ამბები, თანაც - სამუდამოდ.   ფრენკ კაპრა - ეს მშვენიერი ცხოვრება!  -  ესეც წამალი, რომელიც სიმძიმილს ცვლის სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებით. წამალი, რომელიც არც კი მახსოვს, რამდენჯერ მივიღე. მეტიც, რამდენჯერ მირჩევია სხვებისათვის, რამდენჯერ მომიყოლია შინაარსი მათთვის, ვინც არ დამიჯერა და არ უყურა. რამდენჯერ ბევრი რამის მაგალითად მომიყვანია. ბეილების ამბავი ჩემი თანამგზავრია. ეს ჩემი კინოა. ეს ჩემი პასუხია ბევრ რამეზე. ეს არის ის, რისთვისაც კინოს გაჩენა ღირდა, ეს არის ამბავი სიკეთეზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, როგორც გიგიმ თქვა, მშობლიურ პატარა ქალაქში დარჩენაზე, სასოწარკვეთასა და იმედზე, დაცემასა და ადგომაზე, ბრძოლასა და თავდადებაზე, იმაზე, რომ ყოველთვის აქვს აზრი  სიკეთის კეთებას და რომ არაფერი იკარგება, ეს კინო არის ოჯახზე, მოქალაქეობაზე, კაპიტალიზმის სივერაგეზე, თითქოს პატარა და უსუსურ, მაგრამ ძლიერ ადამიანებზე, რომლებიც სულაც არ არიან სუპერმენები,  რომელთა ერთადერთი იარაღი სიყვარული და ერთგულებაა.  ეს არის ამბავი იმაზე, თუ რატომ არის კარგი და როდის შეიძლება იყოს ბედნიერება ადამიანობა. ეს ფილმი უამრავ რამეზეა. 

         თუმცა  ეს არ არის ყველაფერი, რაც მინდა ვთქვა. 
       დღეს, 2020 წლის 24 ივლისს, საზაფხულო კინოსკოლის, რომელსაც მთელი წელი ველოდით (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) პირველ დღეს, ჩვენმა სტუმარმასპინძელმა (აქ ეს სიტყვა ნამდვილად ერთად უნდა დაიწეროს) კინომოხალისე მისიონერმა გიგიმ, რომელიც წლებია ამ საქმეს ემსახურება, პირველივე დღეს ფრენკ კაპრას ეს მშვენიერი ცხოვრება" გვაჩვენა. 
მე ბოლომდე ვერასოდეს ამოვთქვამ ამის გამო მადლიერებას,. ვერ აღვწერ, რა ბედნიერი ვიყავი. ვეცადე, არ გამომეხატა ჩემი მძაფრი ემოციები და არ დამეფრთხო ბავშვები.. საოცარია ერთად ფილმის ყურება. ეს სახლში ყველას შეგვიძლია და ზოგი იტყვის, უფრო კომფორტულიც კიაო, მაგრამ დაგვიჯერეთ, ერთად ყურების ეს მივიწყებული კულტურა ღირსია გახსენებისა და  აღორძინების. და კაპრასაც  ვუყურეთ ერთად, სხვადასხვა ასაკის ადამიანები ვიყავით, 8 წლიდან 60 წლამდე. მე, რომელმაც, ვინ იცის, მერამდენედ ვუყურე, ისე ვისრუტავდი კადრებს, , თითქოს პირველად ხდებოდა ეს. ის ხანგრძლივი ტაში, ფილმის ბოლოს რომ იყო, იმ ზანზალაკის ხმად ჩამესმოდა. არ ვიცი, ცაში - ვინ, მე კი მერამდენედ მივიღე ფრთები ამ ფილმისგან.  ჩვენ იქ ყველამ მივიღეთ ფრთები. ამიტომ მიყვარს კინო და ჩვენი კინოკლუბი, აქ ფრთები, სიცილი, ცრემლები, მხიარულება, სევდა - ყველაფერი  საზიაროა, საერთოა. აქ კინო გვაერთიანებს.  

      მაგრამ ამბავი აქ არ სრულდება. ხანდახან ტიტრების მერეც ხომ არის ხოლმე ორიოდე კადრი., აი, რომ არ ელოდები, მაშინ. ჰოდა, ჩვენების ბოლოს მე კიდევ უფრო დიდი ფრთები მელოდა ჯილდოდ, როცა გიგიმ, მისთვის ჩვეული  გულისხმიერებით თქვა, რომ  ჩვენება მე მეძღვნებოდა. 
არც კი ვიცი, ახლა რა ვთქვა. გიგიმ არ იცოდა, რომ ეს ჩემი ფილმი იყო. ისიც არ იცოდა, ნანახი მექნებოდა თუ არა. არადა,  რა დროული იყო ეს ყველაფერი. ალბათ კინოს ანგელოზმა ჩააგონა. 

    პირველთავე არ იყო კინო, იგი მერე გაჩნდა. მერე კინო სკოლაში შემოვიდა და ჩვენ ერთად ვაკინოვებთ ზაფხულს. 

      ეს იყო დღე 1-ლი. 
      შემოგვიერთდით



No comments:

Post a Comment