Sunday, September 22, 2019

კინომაგია საზაფხულო კინოსკოლაში 2019

 
     
   არაჩვეულებრივი ამბები ერთხელაც ჩვეულებრივ, სადაგ მოვლენებად იქცევა ხოლმე. ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო. თუმცა კინოკლუბ "დუბლის" დაფუძნებიდან დღემდე, მეოთხე წელია, რაც არასდროს, არც ერთხელ, არც ერთი ფილმის ჩართვა და ყურება არ არის ჩემთვის ჩვეულებრივი და ბავშვებიც იყვარებენ ამ უჩვეულოობას ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად
   კინო არის ბედნიერება. ბედნიერება თუ არ გააზიარე, ის სრულყოფილი ვერ იქნება. ამისთვის არსებობს "დუბლიც"ადვილი არაა რამე შეაყვარო. ძალიან ძნელია, მაგრამ ამაზე არ ფიქრობ. უბრალოდ, მთელი გულით გასცემ იმას, რაც თვითონ გიყვარს და მერე აღმოაჩენ, რომ ერთად გიყვართ.

ესაა მასწავლებლობის სასწაულიც. ეგაა, ყველასთან ერთნაირად არ გამოდის და ამ მეტნაკლებობის დაძლევაა მასწავლებლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც   ადრეც (წინა ბლოგპოსტებში) გვითქვამს, რომ სკოლაში გვაქვს კინოკლუბი "დუბლი", სადაც ვუყურებთ ფილმებს, ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ. ხშირად არც არაფერს ვამბობთ, უბრალოდ, ვუყურებთ და შთაბეჭდილებით ვტკბებით. დროდადრო მოდიან სტუმრებიც, მოაქვთ ფილმი და ატარებენ საუბრებს(თეო  ხატიაშვილი, ალექსანდრე გაბელია)
   
როცა "კლუბი გავაჩაღეთ", როგორც ეს ერთ-ერთმა წევრმა თქვა ერთხელ, მხოლოდ ფილმების ერთად ყურებას და ამით ტკბობას ვგეგმავდით და ასეც იყო მეტწილად, სანამ ივლისის საზაფხულო კინოსკოლა არ დაიგეგმა ეროვნული კინოცენტრის პროექტის "კინო სკოლაში" მიერ. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ძალიანზე ძალიანაც, მაგრამ რატომღაც მეშინოდა, ბავშვები როგორ შეხვდებიან ამას-მეთქი. გაგანია ივლისში 14 დღე იარო სკოლაში და ეს იყოს საინტერესო, სულაც არაა ადვილი და მეც ვღელავდი. მოხალისე კინომისიონერები ნატუკა გაბუნია და გიგი ჯანაშია - პირველად არ იყვნენ ჩვენს სკოლაში. მათ შარშან, 20 ივლისს, "საულის ვაჟი" აჩვენეს შეკრებილ მაყურებელს და საუბრებიც ჩაატარეს. ისინი მასპინძლობდნენ ჩვენს კინოკლუბს თბილისში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე "CineDoc" 2018 და 2019 წელს, მაგრამ ორკვირიან კინოსკოლას როგორ შეხვდებოდნენ ბავშვები, 4-5 საათი როგორ შეძლებდნენ ფილმის ყურებას, დისკუსიების გამართვას და სხვადასხვა აქტივობის თავის გართმევას, ეს მაღელვებდა თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ.
 
    ეს 14 დღე იყო მართლაც ზაფხულის ჯადოსნური 14 დღე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა ძლიერია კინომაგია. ნატუკა - ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლაში, ხოლო გიგი - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის კინოკლუბ "დუბლში" ორი კვირის განმავლობაში ატარებდნენ კინოგაკვეთილებს 4-5 საათის განმავლობაში, მოსწავლეებთან ერთად უყურებდნენ კინოშედევრებს, საუბრობდნენ, აანალიზებდნენ, განიხილავდნენ, ბჭობდნენ, დავობდნენ, გამოთქვამდნენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ავლებდნენ პარალელებს სხვა ფილმებთან, ტექსტებთან, პირად გამოცდილებასთან, ეცნობოდნენ კინოსამყაროს ამბებს რეჟისორებზე, მონტაჟსა თუ მსახიობებზე, ტექნიკურ საკითხებსაც ეხებოდნენ, ასრულებდნენ ძალიან სახალისო დავალებებს, იღებდნენ თემატურ ფოტოებს, პორტრეტებს, მოვლენებს, ასრულებდნენ სხვადასხვა სახის ვიდეოდავალებებს. მსმენელთა რაოდენობა იყო გათვალისწინებულზე მეტი. ბავშვებმა მე-14 დღეს თავიანთი გადაღებული პატარა ფილმებიც შემოგვთავაზეს. კინომაგიამ 14 დაუვიწყარი დღე გვაჩუქა. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი...
   
 პროექტის დახურვის დღეს, ორი კვირის თავზე, ბავშვების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას და საზაფხულო კინოსკოლის დახურვას ჩხოროწყუში დაესწრნენ რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, ფესტივალის CineDoc 2018 წლის გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის "გამჭვირვალე_სამყარო" რეჟისორი. მის ამ ფილმს ჩხოროწყუს კულტურის სახლის დარბაზში ვუყურეთ რეჟისორთან ერთად, ჩვენებას მოჰყვა რეჟისორისათვის დასმული კითხვები და საინტერესო საუბრები. პროექტის დახურვას ესწრებოდნენ საერთაშორისო კინოფესტივალის CineDoc დამფუძნებლები ილე_სტანკულესკუ და არჩილ_ხეთაგური, აგრეთვე, რეგიონალური კოორდინატორი ანუკა_ღლონტიც

  ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც კინოზაფხული უზრუნველყო #კინოჩხოროწყუში და აჩუქა #მეტი_კინო_სკოლას - სსიპ აფხაზეთის X საჯარო სკოლისა და სსიპ ხაბუმის III საჯარო სკოლების დირექტორებს, მერიის კულტურის სამსახურს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს. მათი თანადგომის გარეშე გაგვიჭირდებოდა
   განსაკუთრებულად დიდი მადლობა ბავშვებს, რომელთა მეშვეობით კინოსკოლის დღეები ასეთი საინტერესო და ხალისით სავსე იყო და ლიკას, რომელიც ჩვენი კინოაქტიურიბისთვის ამდენ რამეს აკეთებს წლებია. მეც ვესწრებოდი ხოლმე გიგისა და ბავშვების კინოგაკვეთილებს და აქ ისევ გავიმეორებ იმას, რაც მათთანაც ვთქვი: არის რაღაცები, რის ფასსაც ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში უფრო მიხვდებიან, მეტად და მეტაც იგრძნობენ. გავა დრო და ასეთი დღეები შედეგს მოიტანს და მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, გასაკუთრებით ნატუკას და გიგის დაუღალავი მუშაობისა და ერთგულებისათვისმალე, მათ ფილმს "ღამის მორიგე" ვიხილავთ, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ფილმის პრემიერა უკვე შედგა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ძალიან გვიხარია, რომ ეს ორი ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი ჩვენთან დაუღალავად თანამშრომლობს. წარმატებებს ვუსურვებთ მათ, ხოლო კინოკლუბ „დუბლს“ ბედნიერ ახალ სეზონს.


    #მეტი_კინო_სკოლაში  <3







No comments:

Post a Comment